ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.
წმინდა წერილში წარმოდგენილი, სინას მთის ძირში მდგომი ხალხის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე უფრო დრამატული და ამავე დროს მუდმივად განმეორებადი ანთროპოლოგიური სურათია. მოსე ადის ღმერთთან შესახვედრად, ტრანსცენდენტურ რეალობასთან დიალოგისათვის, ხოლო ქვემოთ დარჩენილი საზოგადოება ვერ უძლებს დროის სიცარიელეს, მოლოდინის ტვირთს და უხილავი ღმერთის სიჩუმეს. სწორედ ამ სიჩუმეში იბადება კერპი.
ამ პასაჟში ოქროს ხბო უბრალოდ კერპთაყვანისმცემლობის ეპიზოდი კი არაა, არამედ ეს არის ადამიანთა კოლექტიური ფსიქიკის რეაქცია გაურკვევლობასა და ობლობის კომპლექსით გამოწვეულ "დაუცველობაზე". როდესაც ღვთიური რეალობა თვალსახილველ სივრცეში არ ჩანს, ადამიანი ქმნის მის ხელშესახებ ანალოგს. ესაა ფაქტობრივად ღრმა ეგზისტენციალური შიში: ღმერთს თუ არ ესმის და არ მპასუხობს, მაშინ მე თვითონ შევქმნი ღმერთს, რომელსაც პასუხისმგრბლობას ვკიდებ, ვხედავ და ვეხები!
თეოლოგიურად, ეს არის ტრანსცენდენტის იმანენტიზაციის მცდელობა, როცა ღმერთის დაყვანა მატერიალურ, მართვად და პროგნოზირებად ფორმამდე ხდება. ფსიქოლოგიურად კი ესაა კოლექტიური რეგრესი, ანუ პასუხისმგებლობისგან გაქცევა და ავტონომიური სულიერი ძიების ნაცვლად, სიმბოლურ უსაფრთხოებაში დაბრუნება.
ოქროს ხბო შეიქმნა ხალხის საკუთარი სამკაულებით, ანუ იმით, რაც მათ პიროვნულ იდენტობასა და ღირებულებას გამოხატავდა. ეს დეტალი უმნიშვნელოვანესია, რადგან ადამიანი საკუთარ "მე"-ს სწირავს კერპს, რომელსაც შემდეგ თავადვე ეთაყვანება. კერპი კი ყოველთვის ადამიანის პროექციაა, როგორც მისივე სურვილებისა და შიშების გაფეტიშების გამოძახილი.
ამ მოცემულობას თუ თანამედროვეობაში გადმოვიტანთ, დავინახავთ, რომ ფენომენი შინაარსობრივად საერთოდ არ შეცვლილა, მხოლოდ ფორმებია სხვაგვარი.
ამჟამად, ოქროს ხბო აღარ არის მეტალის ქანდაკება; ის უფრო არის პიროვნების კულტად ქცეული რელიგიური ლიდერი.
როდესაც ქრისტეს ცოცხალი, უხილავი და სულიერი რეალობა რთულად მისაწვდომი ხდება, ადამიანი ეძებს მის ხილულ შემცვლელს, ანუ ავტორიტეტს, რომელსაც შეუძლია ღმერთის ფუნქციის შესრულება, რომელიც მის ცხოვრებაში განსაზღვრავს ჭეშმარიტებას, მისცემს უსაფრთხოების ილუზიას, გაათავისუფლებს პირადი პასუხისმგებლობისგან და რჩეული ერისა თუ სსმრევლო თემის წევრობის ქიმერულ ნარატივს შემოაქსოვს.
ამგვარი ფანატიზმი არის არა რაღაც ღრმა რწმენის, არამედ სულიერი შიშის ნაყოფი. ადამიანი აღარ ეძებს ღმერთს, არამედ მედიატორს, რომელიც ღმერთს ჩაანაცვლებს. შედეგად, რელიგიური ლიდერი გარდაიქმნება "ოქროს ხბოდ": მის სიტყვებს ენიჭება აბსოლუტური ავტორიტეტი, მისი ფიგურა ხდება ხელშეუხებელი, ხოლო კრიტიკული აზროვნება კი ცოდვა. ჰოდა იდოლატრიაც ეს არის.
მოსეს დაგვიანება სინას მთაზე არის სიმბოლო ღვთის დუმილისა, იმ სულიერი მდგომარეობისა, როცა ადამიანი იძულებულია რწმენა შეინარჩუნოს გარანტიების გარეშე. სწორედ ამ სივრცეში წყდება, ადამიანი ჭეშმარიტი ღმერთის მაძიებელია, თუ კერპის შემქმნელი.
თანამედროვე ეკლესიისთვის ეს ისტორია მკაცრი სარკეა, რადგან ქრისტიანობა იწყება იქ, სადაც მთავრდება პიროვნების კულტი და სადაც საზოგადოება არ ცვლის ღმერთს ადამიანით, როგორი დიდიც არ უნდა იყოს მისი ავტორიტეტი.
ამდენად, ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!..
მოკლედ, როგორც ფრენსის ბეკონი იტყოდა: "კერპები ადამიანის გონების ქმნილებებია, რომლებიც ჭეშმარიტებას ფარავენ".

Comments
Post a Comment