04.04.2020 თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი - ღია წერილი ბატონ ლევან ვასაძეს!
ღია წერილი ბატონ ლევან ვასაძეს!
"ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, - თუმცაღა მდიდარი ხარ, - და გმობა მათგან, რომელნიც ამბობენ, ღვთისნიერნი ვართო, და არ კი არიან, არამედ საკრებულო ეშმაკისა" (გამოცხად. 2,9).
მოგესალმებით, ბატონო ლევან, პატივისცემითა და კეთილი სურვილებით!
ყურადღებით გავეცანი რა თქვენს ვიდეომიმართვას - "ლევან ვასაძე - ტელემიმართვა #58: ეკლესიას მიმდგარი კორონა-ისტერია (24.03.2020)", სადაც თქვენი სენტენციები, რელიგიური პერსპექტივები, პირადი აღქმა თუ ეგზეგეზა წარმოადგინეთ რამდენიმე, მეტად მნიშვნელოვან და საგულისხმო საკითხზე.
სამწუხაროა, რომ თეოლოგიურ თუ ეკლესიოლოგიურ საკითხებში სიღრმისეულ ცოდნას არ ფლობთ და მხოლოოდენ მესიანისტური, ეთნო-ფილეტისტური, ფანატიკური, მარგინალური და ფუნდამენტალისტური განწყობებით იფარგლებით, რომელთა საფუძვლადაც ემოციური ჟინი, რუსოფილური პიეტეტი და მოყვასის მიმართ არსებული ლატენტური მიზანთროპია დაგიდევთ.
ცხადია, ერთი მხრივ აბსოლუტურად არ ხართ ვალდებული, რომ ბიზნესმენი (განათლებით გეოფიზიკოსი) საფუძვლიანად იცნობდეთ საღვთისმეტყველო დარგებსა თუ დისციპლინებს და წარმოადგენდეთ კვალიფიციურ თუ კომპეტენტურ სპეციალისტს ამ მიმართულებით, თუმცა მეორე მხრივ, მაშინ, როდესაც თქვენს ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ "2006/2007 წლებში სწავლობდით მოსკოვის წმინდა ტიხონის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, სადაც მოციქულთა და პატერიკის შემსწავლელ კურსებზე ეუფლებოდით ძველი და ახალი აღთქმის ლიტურგიკას", სწორედ ეს იწვევს ჩვენს გაკვირვებას, თუ რატომ არ გაქვთ მინიმალისტური ინფორმაცია მაინც ელემენტარულ კატეხიზმოზე, ასკეტიკაზე, ლიტურგიკულ ტრადიციებზე, დოგმატიკაზე, ბიბლისტიკაზე, ისტორიულ ფაქტებსა და კანონიკურ დადგენილებებზე ეკლესიის არსებობის ჟამთა სიგრძეზე.
ზოგადად, ჩემთვის, დაახლოებით ცნობილია თუ რა "სამეცნიერო" კრიტერიუმებითა და სტანდარტებით ხდება რუსეთის სასულიერო სასწავლებლებში დიპლომების გაცემა. ცხადია, ვერ ვიტყვი, რომ ყველა შემთხვევაში "ერთი ბოთლი კონიაკით"-მეთქი, რომელსაც პარალელურად ФСБ-სადმი ერთგულების ფიცი, კრემლის ემისრობა და რეზიდენტობა ახლავს ხოლმე შინა განაწესით დაკისრებულ ვალდებულებებში, მაგრამ იმის თქმა კი დანამდვილებით შემიძლია, რომ მართლმადიდებლობის ნაცვლად, იქ იდეოლოგიზებულ და პოლიტიზებულ "პრავასლავნიკობას" ასწავლიან, რომლის საილუსტრაციოდაც, თქვენი მეგობრის - არალეგიტიმური მოსაყდრე შიოს ინტელეტუალური თუ აკადემიური შეზღუდულობის დონეც გამოდგება, რომლის წარმოშობაც "ბოროტების იმპერიას" ეკუთვნის.
ალბათ, გულზე მოგხვდათ სიტყვა "არალეგიტიმური", მაგრამ პროფესიული პატიოსნებიდან გამომდინარე ვალდებული ვარ გითხრათ, რომ ორხელისუფლებიანობა და ერთ კათედრაზე ორი მღვდელმთავრის მსხემობა საეკლესიო სამართლის, ანუ წმინდა და დიდი სჯულის კანონის მიხედვით (მოციქ. 14; I მსოფ.8; II მსოფ. 2; ანტიოქ. 13, 22; III მსოფ. 8; ტრულის 20) ყოვლადდაუშვებელ ანტიკანონიკურ ფენომენს წარმოადგენს საეკლესიო ტრადიციის, განწესებისა თუ სწავლების თანახმად. ამასთან, გარდა იმისა, რომ საკუთრივ მოსაყდრის ინსტიტუტი პროფანაციაა, თავად დასახელების ფორმაც კი დაირღვა (მოციქულთა 34-ე კანონი), რაც ავალდებულებდა პატრიარქს, რომ იმპერატიულად და ერთპიროვნულად არ ემოქმედა არცერთი გადაწყვეტილების გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ ქართული სინამდვილისთვის "მოსაყდრის" ინსტიტუტი მართვა-გამგეობის დებულებით დეკლარირებულია, იგი წინააღმდეგობაში მოდის, როგორც ზემოთ დასახელებულ კანონებთან, ისე ანტიოქიის კრების 23-ე კანონთან - "ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, თავის ნაცვლად დაადგინოს სხვა ვინმე, თვითონ აღსასრულის მიახლოებულიც რომ იყოს. თუ ვინმე ამის მსგავსს რასმე ჩაიდენს, ეს დანიშვნა დაუმტკიცებელი იქნება. საეკლესიო წესი, რომელიც ამბობს, რომ ეპისკოპოსის დანიშვნა არ შეიძლება სხვანაირად, თუ არა კრების მიერ და ეპისკოპოსთა თათბირის შედეგად, რომლებსაც აქვთ უფლება, გარდაცვლილის ნაცვლად აირჩიონ ვინმე ღირსი საყდრისა, მტკიცედ უნდა იქნეს დაცული".
ამრიგად, თუკი მაინც დავეყრდნობით უკანონო მოსაყდრეობის ადგილობრივ სახელოს, აქვე აუცილებლად ხაზგასმით უნდა დავძინოთ, რომ მისი უფლებამოსილება ძალაში შედის მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1)კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებისას, ანუ ტახტის დაქვრივებისას, 40 დღის მანძილზე; 2)კათოლიკოს-პატრიარქის გადადგომიდან - ვიდრე ახალი პირველიერარქის არჩევამდე; ამასთან, მის ვალდებულებაში შედის მხოლოდ ერთადერთი საზრუნავი - მოამზადოს საპატრიარქო არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება.
ნუ დაგავიწყდებათ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალიც, რომლის მიხედვითაც პატრიარქობა არჩევითი თანამდებობაა და არა დანიშვნითი!
გარდა ამისა, კარგი იქნება თუ გადახედავთ თქვენგან "მოღალატეებად" შერაცხული მღვდელმთავრების ამაგს, დამსახურებას, აქტივსა და მიღწეულ შედეგებს ეპარქიულ სივრცეებში, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საგანმანათლებლო თუ სულიერი წარმატებების კუთხით და შედარებას მოახდენთ თქვენი ინდიფერენტული და პასიური მოძღვრის - მიტრ. შიოს "მიღწევებთან", რომელიც ვერაფრით დაიკვეხნის ვერც სენაკსა და ჩხოროწყუში და ვერც "მეზობელ" ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გაწეული ღვაწლით.
ასევე გასაკვირია თუ რატომ მიიჩნევთ ღვთის ნებით გამორჩეულ პირთა მღვდელმთავრად დადგინებას - "პატრიარქის მიერ წუმპედან ამოყვანად", როცა ამა თუ იმ საეპისკოპოსო კანდიდატს ადგენს სულიწმინდა, რომელიც სინოდური თანხმობით განჩინდება, რომლის მიხედვითაც იერარქი ტვირთულობს ჯვარს და არა პრივილეგიას. აქაც სლავური სკოლის ლაიტმოტივი იგრძნობა თქვენეულ პრიზმაში, როცა სამეუფეო მსახურება სისტემის მიერ გაღებული გულნოწყალება გგონიათ და არა უზენაესის ღვთივსულიერი გადაწყვეტილება.
თუ ობიექტური იქნებით და გულწრფელობას გამოიჩენთ, დაინახავთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, სიჩუმე სისტემის მნიშვნელოვან გარანტად ითვლება და ვინც მას დაარღვევს, მხოლოდ ის ისჯება. სხვა მხრივ ნებისმიერ ცოდვასა და უკეთურებას პატიობს პატრიარქოცენტრული რეჟიმი ყველას!
დღეს, საპატრიარქოს სადამსჯელო კოლეგიამ (მეტი ფუნქცია მათ არც გააჩნიათ) ყველაზე უფრო დაუნდობელ მეთოდს მიმართა და უხერხული არჩევანისა და დილემის წინაშე დააყენა სამღვდელოება, რომელთაც უნდა გადაწყვიტონ და აირჩიონ: სიმართლე, ანუდევნა-შევიწროვება; თუ კონფორმიზმი, ანუ თანამდებობრივი კეთილდღეობა.
მავანნი გავეშებულად ებრძვიან არა დაგროვილ პრობლემებს, არამედ პრობლემებზე მოსაუბრეებს, რის გამოც ეკლესიაში მონავარდე "ძლიერთა ამასოფლისათა" მოახდინეს ღირსეული ადამიანების უხეში სეგრეგაცია და სტიგმატიზება. შეიძლება ითქვას, რომ საპატრიარქო საკუთარ მღვდლებს (თანაც შედარებით მოაზროვნე და განათლებულ სასულიერო პირებს) ისე უყურებს, როგორც მოუთვინიერებელ კასტას, რომლისგანაც მუდმივი საფრთხე ელის ფსევდომორჩილების, სპეციფიკური მართვისა და აუცილებელი მონობის გზაზე.
პრაქტიკულად თქვენგან განდიდებულმა საპატრიარქომ უზურპაციისა და აგრესიული ძალმომრეობის მეშვეობით მიითვისა სინოდურობისა და კრებსითობის ბერკეტები და მოახდინა სრული დისფუნქცია საეკლესიო ადმინისტრაციული მოწყობისა, კანონიკური მართლწესრიგისა და სტრუქტურული გამართულობისა, რასაც თქვენ "ცოცხალი წმინდანის" ღვთაებრივ მიღწევად ასაღებთ.
ბიბლია კი ზეციური საყვირით გვაფხიზლებს მარადიულად: "აჰა, მითქვამს შენთვის, ამბობს ცაბაოთ უფალი, ბოლომდე აგიწევ კალთას, რომ ხალხებს დავანახო შენი სიშიშვლე, სამეფოებს - შენი სირცხვილი" (ნაუმი 3,5). ამის გაცნობიერება აშკარად აძლევთ ცხონების შანსს. აქედან ისიც კი ჩანს, რომ ხშირად სწირავენ და იმეტებენ პატრიარქის სახელს მათივე კარიერული დიდებისათვის - "ქარაფშუტა ხალხია მისი წინასწარმეტყველნი, გამყიდველნი, მისი მღვდლები საწმიდარს ბილწავენ, რჯულს არღვევენ"(სოფონია 3,4).
აგრეთვე, ნიშანდობლივია ისიც, რომ ავსტრალიის კონტინენტური მასშტაბის ხანძრების პერიოდში (და მას მერეც) არცერთხელ არ წვევია საკუთარ ვირტუალურ თუ მოდელირებულ სამწყსოს თქვენგან პატივდებული მღვდელმთავარი, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მის უპასუხისმგებლობასა და გულგრილობაზე.
აქვე საინტერესოა თქვენი კონსერვატორი მოძღვარი - მეუფე შიო თუ რატომ არ უპირისპირდება ჰომოსექსუალური ლობის აღვირახსნილობას. მაგალითად, როცა დასჯიდან ორ თვეში ჯვარს უბრუნებს გეობისთვის განყენებულ მღვდლებს, როცა სახალხოდ ცნობილ და კრემლთან ასოცირებულ გეიდეკანოზ გიორგი ხარაზიშვილს ყოველდღიურად პირზე კოცნით ხვდება საპატრიარქო რეზიდენციაში და როცა აიგნორებს იგივე საბერო-მორჩილ გიორგი გელაშვილის ჩვენებას, რომელიც პატრიარქის მხრიდან - მისდამი გამოხატულ ინტიმურ თუ პიკანტურ ქმედებებს ეხება (მსგავსი ფაქტები სხვებისადმიც უხვადაა), რასაც საგულდაგულოდ უყრუებს საპატრიარქოს ადმინისტრაცია. და თუ ასეთივე დინამიკით გაგრძელდა სირაქლემას პოზაში დგომა, მერწმუნეთ, რომ "ჭირი ჭირს დაერთვის, ავი ხმები ავ ხმებს მოყვება, წინასწარმეტყველის ხილვას დაუწყებენ ძებნას, რჯული დაეკარგება ღვთის მსახურს და რჩევა უხუცესებს" (ეზეკიელი 7,26);
ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით მსურს თქვენი ყურადღება შევაჩერო მომიტევეთ და თქვენსავე დემაგოგიურ პოსტულატზე "ეკლესიისა თუ პატრიარქის მტრებთან" დაკავშირებით, რომელიც ჩვეულებისამებრ კონსპიროლოგიური შეთქმულების თეორიებითა და ინტერპრეტაციებით არის აღსავსე. შესაბამისად სრული უმსგავსობა და სიბრიყვეა, როცა მოქმედ თუ კრიტიკულად განწყობილ სასულიერო პირებს ედავებით არა საგნობრივად და თემატურად, არამედ ყოვლად უღირსად და შავრაზმულად, კერძოდ კი სიჭაბუკის წლებში ჩადენილ ხშირ შემთხვევაში დაუდასტურებელ შეცდომებსა თუ ცოდვებზე ყვედრებით და გავიწყდებათ, რომ მართლმადიდებლობა არ გახლავთ ხისტი იურიდიზმი, ან "დიდი ინკვიზიტორის" მენტალიტეტის უსულო სტრუქტურა, არამედ სინანულის გზით ადამიანთა განახლების, რეაბილიტირებისა და ხატებიდან - მსგავსებამდე ამაღლების საშუალებებს იძლევა. შესაბამისად უზნეობა და სირცხვილია, როცა წარხოცილ და მონანიებულ სხვათა ცოდვებს დიდაქტიკური ტონით იყვედრებით, მით უფრო იმ ფონზე, როცა თქვენს შესახებაც არც თუ ისე "მასკულანური" წარსულის შტრიხები იკვეთება თბილისურ ელიტაში, ჟურნალისტურ წრეებსა და ბომონდში. ამიტომ, ყოვლადმიუღებელია, თქვენი მხრიდან გესლიანი ქილიკი თუ რიგორისტული კბენა ნებისმიერი ადამიანისადმი.
ყველაფერთან ერთად არ შემიძილია არ აღვნიშნო თქვენი მავნებლური მეთოდოლოგია, როცა კეთილსინდისიერ თეოლოგებსა თუ ღირსეულ სასულიერო პირებს, რომელნიც ჰომოსექსუალური ლობის, გნოსეომაქიის, რუსიფიკატორული მდგენელისა და ანტიკანონიკური მოცემულობის მამხილებელნი არიან, თქვენ ესოდენ კადნიერად და ყეყეჩურად უწოდებთ უღმერთოებს და აცხადებთ, რომ "ისინი ათეისტურ და აგნოსტიკურ ბნელიტას უძვრებიან, ზოგი შიშით, ზოგი შემოწირულობების ანგარებით, ზოგი ლატენტური მიშიზმის გამო და ზოგი კი საკუთარი ამბიციურობით გამოწვეული პატრიარქზე წყენების გამოო". რასაკვირველია ეს არის დისკრედიტაციის მცდელობა, ინსინუაცია და ცილისწამება. თუმცა კი თქვენდა სამწუხაროდ ბიბლია გვანუგეშებს: "ათვალწუნებული, მაგრამ მსახურიანი კაცი სჯობს თავმომწონეს" (იგავ.12,9).
მინდა მოკრძალებით გირჩიოთ, რომ, რაც არ არის თქვენი სფერო, იქ ნუ ეცდებით "მჭვრეტელობითი სიბრძნის" ფრქვევას. თუნდაც გასახსენებლად ისიც საკმარისია თქვენივე მარგალიტების ნუსხიდან, თუ როგორ გროტესკულად დიდაქტიკოსობდით უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის თემის ირგვლივ, სადაც არაერთი უზუსტობა, ტენდენციურობა, ტყუილი და ანტიფანარისტული სიშლეგე გააჟღერეთ, რაც ერუდიციაზე პრეტენზიაწამოყენებული ადამიანისათვის ძალზე დამაკნინებელი ლაქაა, რომელსაც მხოლოდ აღიარებით თუ გააქარწყლებთ.
ამდენად, სანამ სხვებს განსჯით საეკლესიო საკითხებზე, აჯობებს გამოერკვეთ, მოიბოდიშოთ და დაყვეთ ფსალმუნის შეგონებას: “შეიყვარე სიმართლე და მოიძულე უშჯულოება" (44,8).
გიორგი ტიგინაშვილი (თეოლოგი)

Comments
Post a Comment