21.08.2020 გიორგი ტიგინაშვილი - მწყემსები და ფარა


 

 "ვისაც წვრთნა უყვარს, ცოდნაც უყვარს, ვისაც მხილება ეჯავრება, ბრიყვია"(იგავ. 12,1);

"ბრძენს შეგონება უყვარს, ღვთისმგმობელი კი მხილებას ყურს არ უგდებს" (იგავ. 13,1).

ქართველ მღვდელმთავრებს განსაკუთრებული აუტანლობა და მიუღებლობა აქვს კომპეტენტური და კვალიფიციური ადამიანებისა. ისინი ვერ ურთიერთობენ სულიერად ხალას, ინტელექტუალურ და ერუდირებულ ღვთის შვილებთან, რომელნიც თავის მხრივ თავისუფალი და "მოუთვინიერებელი" ბუნებისანი არიან, არ ემონებიან კონიუქტურას, უპირისპირდებიან არაჯანსაღ სისტემასა და ანტიზნეობრივ რეჟიმს.

საბჭოთა მენტალიტეტისა და ტოტალიტალური ნატურის "მოღვაწეთათვის" კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკული, ობიექტური, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების მოქალაქეებთან მჭიდრო კომუნიკაცია, რადგან მათ ფონზე, უმალვე ავლენენ საკუთარ უმეცრებას, პროვინციალიზმს, გაუნათლებლობას, ძალაუფლების სიშლეგეს, ვიწრო დიაპაზონის უნარებსა და სულიერ სიღატაკეს.

სწორედ ამიტომაც, რაკიღა მათთვის წარმოუდგენლად დიდი წნეხი და დისკომფორტია ღირსეულ პირებთან სიახლოვე, ისინი ეძებენ და იზიდავენ გულუბრყვილოებს, კონფორმისტებს, უცოდინრებს, მეხოტბე ლაქიებს, პირმოთნე აფერისტებს, უსინდისო კარიერისტებს, უპრინციპო მაქებრებსა და ხეპრე "მორწმუნეებს", რომელთაც მათდამი პიეტეტი, მაამებლური ენკომია და უსიტყვო მორჩილება ექნებათ. ამიტომაცაა, რომ ალხანა, მხოლოდ ჩალხანასთან იღიმის!

ფაქტობრივად, ყველა სიტუაციაში მღვდელმთავართათვის მნიშვნელოვანია არა ღირებულებები, არამედ პირობები; არა უხერხული სიმართლე და ადექვატური რეფლექსია, არამედ ლამაზი ტყუილი და ხიბლში ტკბობა. შესაბამისად, მათი გაგების "ეკლესია" ემსგავსება არა უფლის სახლს, არამედ ვიწროპროფილურ კორპორაციას, სადაც დაავადებული მედპერსონალი და მათგან დაინფიცირებული პაციენტები ერთმანეთს უმალავენ თავიანთ მომაკვდინებელ სნებოვნებას, რაც თავის მხრივ ავადმყოფთა რაოდენობას დღითი-დღე აფართოვებს.

ამდენად, ეპისკოპატში გამეფებული რელიგიური ფსიქოზის, სულიერი სტაგნაციისა და ტრიუმფალიზმის ატმოსფეროში პატიოსნება გადაქცეულია რომანტიზმად, ხოლო სულიერება - მარტოსულობად, მლიქვნელობა კი წარმატების ტრამპლინად!

ქრისტიანობის პერსპექტივიდან თუ ვიმსჯელებთ უნამუსობის მთავარი ძლიერება - მისი მხრიდან ყველაფრის კადრულობაში მდგომარეობს. ამიტომაც ამბობს დოსტოევსკი: "თუ ღმერთი არ არსებობს, ე.ი. ყველაფერი ნებადართულია".

ამრიგად, საქართველოში მღვდელმთავრებს უყვართ (მათთვის მისაღები კატეგორია) მხოლოდ შემდეგ მიზეზთა გამო:

1)იმიტომ, რომ ფინანსურად სჭირდებათ;

2)იმიტომ, რომ თავიანთ პატივმოყვარეობას იკმაყოფილებენ სხვათაგან მომდინარე კომპლიმენტებით;

3)იმიტომ, რომ ფიზიკურად მოსწონთ ესა თუ ის ადამიანი და თავიანთი ავადმყოფური ტკბობით ესთეტიურად იკვებებიან;

4)იმიტომ, რომ მათთან აქვთ ბიზნეს-პარტნიორული (ვიღაცასთან სექსუალური!) ურთიერთობა;

5)იმიტომ, რომ წერა-კითხვა თავად არ იციან და სხვას აწერინებენ თავიანთ განცხადებებსა და ეპისტოლეებს;

6)იმიტომ, რომ არასდროს უთითებენ შეცდომებზე და ვინც თავჩაქინდრულია - იმასთან ლაღად გრძნობენ თავს!

ფაქტი ის არის, რომ ეპისკოპოსი თავს მწყემსად თვლის - ფეოდალური რეგალიებით, ხოლო მრევლს - ფარად, ზოოლოგიური გაგებით!

ქართველ ეპისკოპოსებს არათუ რწმენა, არამედ ბუნებითი სჯულიც კი არ გააჩნიათ. ქრისტე კი მათთვის საშუალებაა და არა მიზანი!

P.S. დასკვნა: ქართველ ეპისკოპოსს, თავისი ჯადოქრული, ჰედონისტური, სერგიანული და ეგოცენტრული მსოფლშეგნებიდან გამომდინარე, სიყვარული, უანგარობა, თავმდაბლობა, სიწმინდე და სიბრძნე არ გააჩნია და ღირსების უბადრუკი პაროდისტია! 

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.