25.09.2020 ვლადი ნარსია დღეს მარტვილის ტაძარში განვითარებულ მოვლენებზე...
"ეპისკოპოს ნიკოლოზ ფაჩუაშვილის მორალური სახის დასახასიათებლად ყოველთვის სიტყვა გულარძნილობა მახსენდება. ძვ. ქართული ენის ლექსიკონში ამ სიტყვის სინონიმებია მზაკვრობა, სიმრუდე და ჩაგვრა, რაც ზედგამოჭრილი ეპითეტები მგონია ნიკოლოზისთვის. ნიკოლოზის თითქმის ყველა სატელევიზიო კომენტარი თუ ეთერი გაჯერებულია მზაკვრობით და ცბიერებით საკუთარი ბოღმის და ზიზღის გადმოსანთხევად.
ვისაც ქრისტიანობის ანაბანა გაეგება დამეთანხმება, რომ დღეს, ქადაგებისას მეუფე ისაია ჭანტურია ღმრად ქრისტიანული სიყვარულის და სამართლიანობის დაცვით აღნიშნავდა მეუფე პეტრე ცაავას დამსახურებას ჭყონდიდის ეპარქიის წინაშე. ეს ხომ ისეთი სიმართლეა რომელსაც ვერ წაშლი და ამის უარმყოფელი უბრალოდ ბრიყვი კი არ არის, ბოროტია, მზაკვარია და ამით, მის ავადმყოფურ სულიერ მდგომარეობას გვიჩვენებს. ე.წ. ეპისკოპოსები ნიკოლოზ ფაჩუაშვილი და საბა გიგიბერია სიმართლის მოსმენაზე უმალ ეშმაკის როლში აღმოჩნდნენ და მეუფე პეტრეს აღდგენილ და გამშვენებულ ტაძარში/ეპარქიაში მისი საქებარი ერთი სიტყვაც არ დასცდათ. რაზე მიუთითებს ეს თუ არა ქრისტიანისთვის სრულიად მიუღებელ ზიზღით შეპყრობილ სულიერ მდგომარეობაზე?!
საეკლესიო სწავლებით მრისხანების და გულარძნილობის ვნებები სულის გამრუდებულ და საგანგაშო მდგომარეოაბზე მიუთითებენ. ადრეულ ეკლესიებში ამ ვნებებით შეპყრობილ ადამიანებს მკურნალობდნენ. ახლა როცა საქართველოს ეკლესიაში უმრავლესობა სამკურნალო გახდა მათი მამხილებელია პატიოსანი და სიმართლის მთქმელი კაცი გამოცხადდა აუტანელად. „პეტრეს ქებას ვერ ავიტანო“ - ჰმმ, მღვდელმთავარო, რატომ აღავსო სატანამ შენი გული, რომ გეცრუა სული წმიდის მიმართ და დაგემალა მეუფე პეტრეს ღვაწლი ჭყონდიდის ეპარქიაში? ბრმები ხართ და ბრმებისავე წინამძღოლ-ნაწინამძღვრევი!
„შეფეთქილ საფლავებს ჰგავხართ, რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით სავსენი არიან ყოველგვარი უწმინდურებით.“ (მთ. 23. 27)."

Comments
Post a Comment