22.08.2020 კიდევ ერთხელ მიტროპოლიტ პეტრეს უკანონო დასჯის შესახებ - თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე

 


"ვიდრე აღნიშნულ საკითხს შევეხებოდე, მინდა , გავიხსენო მეუფე ნიკოლოზის ერთ-ერთი ინტერვიუ, რომელშიც ის ამბობს, რომ მეუფე პეტრე, ვინაიდან არის განყენებული სინოდის მიერ, მას აღარ აქვს უფლება ბრალის წაყენების...

გაუგებარია, სად ამოიკითხა პატივცემულმა მღვდელმთავარმა ეს უცნაური კანონი. იგი აშკარად სჯულის კანონის სხვა გამოცემით/ტექსტით სარგებლობს,ან საერთოდ უნახავს კი ფიზიკურად ეს წიგნი? მეუფე ნიკოლოზი ურცხვად ამბობს ტყუილს მაშინ, როცა მე-2 მს.კრების მე-6 კანონი ხაზგასმით აღნიშნავს და მკაფიოდ განაჩინებს: ,, თუ ეპისკოპოსს ბრალი ედება კერძო, ქონებრივ ან სამართლებრივ საქმეში, ასეთი საჩივარი (ბრალდება) მიღებულ უნდა იქნეს მიუხედავად იმისა, თუ რა სარწმუნოებისაა ბრალმდებელი". ამდენად, თუ ბრალდება არ არის დოგმატური შინაარსის, არაქრისტიანსაც კი აქვს უფლება, იყოს ბრალმდებელი. ასევე, კართაგენის მე-12 კანონი პირდაპირ განაჩინებს 12 ეპისკოპოსის შეკრებას ბრალდების განსახილველად, თუ შეუძლებელია დიდი კრების მოწვევა. უფრო შორს მიდის კართაგენის მე-15 კანონი და ამბობს: ,,ეკლესიის მსახურად განჩინებული თითოეული დასის წარმომადგენელი თუ გასასამართლებელი გახდეს და გვერდი აუაროს საეკლესიო სამსჯავროს, ასეთს უნდა აეყაროს პატივი".

ჩვენ კი რას ვხედავთ? უმძიმეს ცოდვაში ბრალდებული პატრიარქი არ იწვევს დიდ სასამართლოს, სადაც მოითხოვდა ბრალდების დამტკიცებას. პატრიარქს სურს, საზოგადოებას საქმის ვითარება იმგვარად გააცნოს, რომ ის არის ცილისწამების მსხვერპლი.

დავუშვათ, ეს ასეა და მეუფე პეტრე არის ცილისმწამებელი, მაშ, რა უშლის ხელს პატრიარქს, მოითხოვოს ბრალდების დამტკიცება? იცის რა, რომ ბუნებაში ასეთი რამ არ მომხდარა, როგორ დაამტკიცებს მეუფე პეტრე თავის ბრალდებას და, ამ შემთხვევაში, ხომ ათასმაგად გაიზრდება მისი ავტორიტეტი, რომ ღრმად მოხუცს, რომელიც ლამის ნახევარი საუკუნეა, ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელია, ასეთ მძიმე ცოდვაში დასდეს ბრალი და როგორ შერცხვება მეუფე პეტრე და მისი სიმართლის მხარდამჭერები... მაგრამ არა, პატრიარქმა ყველაზე მეტად იცის, რომ ეს არის სიმართლე და ამიტომ არ იწვევს საეკლესიო სასამართლოს, მიუხედავად იმისა, რომ კანონი მას ავალდებულებს კრების მოწვევას.

აპელირება იმაზე, რომ შეუძლებელია სასამართლოს გამართვა, რომ ის (მეუფე ნიკოლოზის თქმით) უზარმაზარ თანხებთან არის დაკავშირებული, არის სრული სიცრუე. მას ავიწყდება, რომ ასეთივე სასამართლო უკვე მოუწყვეს მეუფე პეტრეს, როდესაც პირადად პატრიარქმა (და არა სინოდმა) ის განაყენა. მეუფე პეტრეს მიმართ გამოტანილი სასჯელის მრავალგვარობაც კი არღვევს მოც.25-ე კანონს, რომელიც წმ.წერილზე დაყრდნობის საფუძველზე განაჩინებს, რომ არ შეიძლება ერთი დანაშაულის გამო ,,ორ-გზის შურისგება". პატრიარქმა კი არათუ ორი, არამედ ოთხი სასჯელი დაადო მეუფეს, კერძოდ:

1. განაყენა მღვდელმოქმედებიდან.

2. ჩამოართვა ეპარქია.

3. გამოიყვანა სინოდის შემადგენლობიდან.

4. განამწესა მონასტერში მოსანანიებლად.

მეუფე პეტრეს სინოდიდან გაძევება ანტიკანონიკური გახლდათ სხვა მხრივაც. კერძოდ, გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო კენჭისყრის საფუძველზე, აქ კი გადაწყვეტილება პირადად პატრიარქმა მიიღო. ამას ადასტურებს მეუფე ანტონის და მეუფე ზოსიმეს კომენტარები.

მეუფე ანტონმა ტელევიზიაში განაცხადა: ,,პირადად ვეხვეწებოდი პატრიარქს, არ მიეღო ეს გადაწყვეტილება ", ხომო მეუფე ზოსიმემ ჟურნალისტის კითხვაზე, უჭერდა თუ არა მხარს მეუფე პეტრეს გაშვებას, პირდაპირ განაცხადა: ,,ჩემთვის რომ ვინმეს რაიმე ეკითხა, მე პირადად არავის განყენებას არ დავუჭერდი მხარს". აქედან გამომდინარე , პატრიარქმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, კენჭისყრის გარეშე მიიღო, რაც სჯულის კანონის თანახმად არაძალმოსილია, უკანონოა.

მიტროპოლიტი პეტრე დღესაც, ამ წამსაც მზად არის, წარდგეს საეკლესიო სასამართლოზე , სადაც დაამტკიცებს თავის ბრალდებას, მანამ კი, თანახმად მე-2 მს.კრების მე-6 კანონისა, ის დადებს წერილობით პირობას რომ ბრალის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში თავად დაისაჯოს იმ სასჯელით, რომელიც ბრალდებულს ელოდა ბრალის დამტკიცების შემთხვევაში. მე, რომელსაც მჯერა მისი სიმართლის, ვაცხადებ იგივეს. თუ მიტროპოლიტი პეტრე ვერ დაამტკიცებს თავის ბრალდებას, მზად ვარ, მეც მივიღო იგივე სასჯელი, თუნდაც ეს იყოს განკვეთა და უზიარებლობა ვიდრე სიკვდილამდე..."

 თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.