ბექა ჭიჭინაძე - რუის-ურბნისის კრების XVIII და XIX კანონები ეხება ,,სოდომურ ცოდვასა" და გინებას
რუის-ურბნისის კრების XVIII და XIX კანონები ეხება ,,სოდომურ ცოდვასა" და გინებას, გინება სოდომიის გაგრძელებად მიიჩნეოდა:
,,ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ამ სიტყვათა მსმენელ სულს, რომელიც ამ ძეგლის წაკითხვის შემდეგ არათუ მარტო არ მიატოვებს სოდომური ცოდვის სიბილწეს და საქმით არ მოიმოქმედებს ამას, არამედ თუნდაც ხუმრობით და სიტყვით იტყვის რაღაც საამისოს, ამის გამომხატველ და მიმსგავსებულ სიტყვას და საქმეს წარმოაჩენს, უთუოდ თავს დაატყდება ამ საწუთროში საშინელება და ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩამგდები რისხვა, გოგირდში არეული სოდომური ცეცხლის მსგავსად. ხოლო იმქვეყნად ამ ცოდვის ჩამდენს მიიღებს იგი, ვინც დადის უფლის წინაშე და სწვავს ირგვლივ ღმერთის მტრებს. ხორცის სიყვარული ღმრთის მტრობაა და ვინც გახრწნის ღმრთის ტაძარს, მას ღმერთი გახრწნის".
XIX კანონის მიხედვით, მისალმების დროს ადამიანები ერთმანეთს ეთაყვანებიან (ქართული ,,თაყუანება" - მისალმება) იმიტომ, რომ ერთმანეთში ღვთის ხატებაა დამკვიდრებული, ადამიანზე გინების დროს კი შეგინებულია ღვთის ხატებაც მასში: ,,ამიტომ ვადგენთ, რომ ეს ღმრთის შემაწუხებელი და შეურაცხმყოფელი ცოდვა სრულიად მოისპოს ყველა ენისა და ჩვენი მოდგმისაგან და ვინც ამიერიდან შეაგინოს თავისი სული, გონება და პირი ზემოთქმული უსახური გინებით, ისიც განკანონებულ იქნეს".
დავითის ცხოვრების ავტორი, ყველა მონაცემის მიხედვით, მეფის მოძღვარი - არსენი ბერია, მისი ცნობით, დავითის ლაშქარში ,,გინება ღმრთისა საძულველი" აკრძალული იყო, ეს ცნობა აგრძელებს რუის-ურბნისის კრების განწესებას, რომლის ერთ-ერთი ავტორი აგრეთვე არსენი ბერია.
რამდენად შესაძლებელი იყო მთელ ლაშქარში გინების აკრძალვა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ოფიციალურად ჯარი უნდა დაქვემდებარებოდა რუის-ურბნისის კრების XVIII და XIX კანონს, საინტერესოა რომ კრებამ ერთ ჭრილში განიხილა გინებისა და სოდომური ცოდვის საკითხი, რაც გასაგებია, გინების შინაარსიდან გამომდინარე, რომელშიც ძირითადად მამრობითი სქესი იყო მხედველობაში მიღებული.
Comments
Post a Comment