ღია წერილი მის მაღალღირსებას – არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ! -გიორგი ტიგინაშვილი
მამაო დოროთე,
ღრმად პატივცემულო მოძღვარო, მოგმართავთ ღიად, იმედითა და ჩემს შესაძლებლობებში ჩატეული სიყვარულით, რომელიც მტკივნეული პასუხისმგებლობით კვებავს ჩემი სინდისის ხმას და არ მაძლევს უფლებას, რომ თქვენგან მომდინარე ორმაგ სტანდარტებსა თუ უცნაურ ცალმხრივობას და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში წარმოშობილ ლეგიტიმურ შეკითხვებს გულგრილად შევყურო!
"ყოველგვარი უსამართლობა ცოდვაა, მაგრამ ყოველი ცოდვა როდია მომაკვდინებელი" (1 ინ. 5,17). ვინაიდან მიგაჩნიათ, რომ საერო მმართველობის საჯარო მხილება საკმარისია ქრისტიანული პასუხისმგებლობის შესასრულებლად, მაშინ როცა საეკლესიო სივრცეში გამეფებულ სულიერ უზნეობაზე დუმილი მხოლოდ ნაწილობრივ ვაჟკაცობას მოწმობს, და ნაწილობრივი ვაჟკაცობა, როგორც ყოველი ნახევრადქრისტიანობა, სახიფათო ილუზიაა, სწორედ შექმნილი გარემოების გათვალისწინებით გადავწყვიტე, რომ შვილობრივად მომემართა ეპისტოლარულ ჟანრში.
მოგმართავთ არა როგორც იდეოლოგიური ოპონენტი, არამედ როგორც ემიგრაციაში (საფრანგეთი) იძულებით გახიზნული, თქვენივე ფსევდოსაპატრიარქოს, ცრუ სინოდისა და სერვილისტური სამღვდდლოების მხრიდან დევნილი, თუმც ქრისტეში ძმობის მოსურნე, რომელსაც გულწრფელად სტკივა ის ერთდროულად მახინჯი და მავნებელი დინამიკა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ სივრცეში იქმნება მაშინ, როცა მღვდელი მხოლოდ პოლიტიკურ კონიუქტურასა და საერო სამყაროს აკრიტიკებს და თავგადაკლული სდუმს შიდა უწმინდურობაზე.
დავიწყოთ სახარებიდან. იყო დრო, როცა ტაძარში ქრისტემ იცნო, რომ ღვთის სახლი ვაჭრობის ბუდედ გადაქცეულიყო – "და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა" (მთ. 21,13). არავინ წინააღმდეგობა არ გაუწია სისტემას მანამ, სანამ არ გამოჩნდა განკაცებული უფალი, რომელმაც ტოტალური დუმილის ფონზე აღრიცხა უდიდესი სულიერი გახრწნილება და გადაგვარება. იგი შედის შიგნით და იწყებს მოქმედებას: "დაწნა საბლისგან შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარები და ცხვრები; მიმოფანტა მეკერმეთა ფული და ააყირავა მათი დახლები"(ინ. 2,15). საგულისხმოა, რომ აქ, ქრისტე არ ამხელს იმპერატორ ტიბერიუსს, არ ამხელს მეფე ჰეროდეს, არც რომაელ პროკურატორსა თუ გუბერნატორს, არამედ პირველად ამხელს ტაძრის შიგნით მომხდარ სიბილწესა და ამ უკეთურების მთავარ აქტორებს. იგი არ იშველიებს არც სასწაულების ნიჭს, არც დაულევნელ სულგრძელებას, არც დიპლომატიასა და მჭერმეტყველებას, არამედ მხოლოოდენ წმინდა რისხვას. ღმერთი, რომელიც სიყვარულია, ამჯერად მაფხიზლობელი და სადამსჯელო შოლტით იდგა ხალხის წინაშე, და სწორედ მაშინ, იმ სივრცეში, სადაც ყველაზე მეტ პატივისცემას ელოდნენ მისგან, მან გამოხატა ყველაზე დიდი რისხვა.
უფლის ამგვარი სიმკაცრე გამოვლინდა საკუთრივ ტაძარში. შესაბამისად არა ტავერნასა და არა სამეფო კარიბჭესთან. არც ბოროტ მეფეებთან თუ დიდებულ სენატორებთან, არამედ ღვთის სახლში – იქ, სადაც ოდესღაც მამამისს ევედრებოდნენ, ახლა ვერცხლი, ვიზუალი და სარგებელი უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე ლოცვა, სულიერება და სიწმინდე.
ვინ იცის, იქნებ ამ დროს იქ კუთხეში იდგა კეთილი მღვდელიც, რომელსაც ყველაფრის სჯეროდა, მაგრამ ხმამაღლა ვერ ამბობდა. თვალი შეასწრო უფლის რისხვას, შემოხედა, შეკრთა და ისევ დუმილი აირჩია. სიჩუმის არჩევა – ეს ხომ ყველაზე დახვეწილი ფორმაა შიშისა.
სახელდობრ სახარების ამ პასაჟის ფონს, მამაო დოროთე, დღეს თანადართული სიმძიმით გაწვდით.
ცხადია, თავადაც უწყით, რომ მღვდლობა ის სფეროა, რომელშიც ღირსება არ განისაზღვრება წოდებით, რიტუალური და საკრამენტოლოგიური გარჯით ან საზოგადოებრივი ავტორიტეტით, არამედ სულიერი სიმკაცრით (ასკეზა) საკუთარი თავის მიმართ და უპირობო ერთგულებით ღვთის ჭეშმარიტებისადმი, მაშინაც კი, როცა ამ არარელატიური და ღვთივსულიერი სწავლების პრინციპები იწვევენ საზოგადოებრივ ან შიდა ეკლესიურ დაპირისპირებას.
წმინდა იოანე ოქროპირი გვაფრთხილებს: "მღვდლობის ღვაწლი ანგელოზის სამსახურს უდრის და მისგან დაცემა – უფსკრულის სიღრმეს".
ადამიანურად, მეუხერხულება კიდეც არქიმანდრიტის წინაშე განვმარტო სასულიერო ხარისხით დაკისერებული ვალდებულების მისია, მაგრამ მაინც: მოგეხსენებათ, რომ მღვდლობა არ არის სოციალური წოდება, ეს არის ცოცხალი ლიტურგია – საკუთარი ცხოვრებით, სიტყვით, გონებითა და გულით შესრულებული ღვთისმსახურება. მწირველი მღვდელი თავისი სახით წარმოდგენს ქრისტეს სახეს. ამიტომ როცა მღვდელი სდუმს იმაზე, რაც ცოდვაა, ის უბრალოდ დუმილს არ ირჩევს, არამედ ღმერთის წინააღმდეგ სდგამს ნაბიჯს – უჩუმრად, მაგრამ საბედისწეროდ!
ის, ვინც მხოლოდ გარედან ხედავს ბოროტებას, მაგრამ შიგნით – ვერა, ქმნის მორალურ დისპროპორციას, რაც საბოლოოდ ღვთის სახლს უპირისპირებს წარუვალ ჭეშმარიტებას. პირუთვნელი მღვდლობის პირველი ნიშანია სიმართლისადმი უშიშარი ერთგულება – არა განაწყენებით, არა ვნებით, პირადი შურისძიების წყურვილით, არამედ მამხილებელი სიყვარულით, რომელიც არ მალავს ჭეშმარიტებას, რითაც დახმარების ხელს უწვდის კოლეგათა დაბნეულ სულებს.
თქვენ მშვიდად ხართ და ხმას არ იღებთ ეკლესიაში გამეფებულ ჰედონიზმზე, ჰომოსექსუალურ მდგენელზე, პედოფილურ ლობზე, მასობრივ გაუნათლებლობაზე, ფინანსურ მახინაციებზე (იერარქიასა და საზოგადოებას შორის არსებულ ქონებრივ დიფერენციაზე, როცა უმდიდრეს ეპისკოპატს ჰყავს – უღარიბესი მრევლი) დამღუპველ ერესებზე, კანონიკურ ქაოსზე, ანტიდასავლურ ისტერიასა და კრემლის აგენტურაზე. ამ ყოველივეზე ინდიფერენტული პოზიციის გამო მიკვირს, თუ როგორ გძინავთ უშფოთველად.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ მღვდლობა არ არის ეგოცენტრული სიმშვიდე. მღვდლობა, პირველ რიგში პასუხისმგებლობაა ღმრთისა და ადამიანების წინაშე. წმინდა გრიგოლ ნაზიანზელი მღვდლობის მემკვიდრეობაზე ფიქრობს და შიშით ამბობს: "არა მარტო მწყემსი ვარ, არამედ ის, ვინც მტაცებელ მგელს წინ უნდა აღუდგეს, და თუ დუმილს ვირჩევ, მისი მსხვერპლიც ვხდები".
მღვდლის უპირველესი მოვალეობაა არა პოლიტიკანობა, არამედ სასულიერო საკითხებზე რეაგირება. მარტოოდენ სახელისუფლებო რეჟიმის განსჯა არც მისი პრეროგატივაა და არც კომპეტენცია. მისი საქმეა მწყემსობა: ღვთის სიტყვის ქადაგება, სარწმუნოების დაცვა, სულიერი მზრუნველობა მაცხოვნებელი სწავლების სადარაჯოზე.
ამდენად, პატიოსანი კაცის მღვდლობა უნდა იყოს მუდმივი შინაგანი დიალოგი სინდისთან და ღმერთთან: "უფალო, დღეს ვისზე უნდა ვთქვა სიტყვა სიმართლისა?" და არა: "ვისზე ჯობს დუმილი, რომ კონფლიქტი ავირიდო?" ეს უკანასკნელი უფრო კარისკაცის ფსიქოლოგიაა, ვიდრე ქრისტოცენტრული მღვდლის.
ფრანგი პაროკიალური მღვდელი და წმინდანი, ჟან მარი ვიანე (+1859), ამბობდა: "მოძღვარი, რომელიც ცდილობს ხალხს მოერგოს ღვთის ხარჯზე და რჩება მიკერძოებული, უფალსაც ჰკარგავს და ხალხსაც".
მღვდელი, რომელიც სდუმს იქ, სადაც ხმამაღალი მხილებაა საჭირო, დუმილს არ ირჩევს, რადგან ის უკვე თვითონ არის პრობლემა არათუ მორალური თვალსაზრისით, არამედ თვით საეკლესიო სხეულის შიდა სიჯანსაღის პერსპექტივიდანაც.
მღვდლობა არის სიმაღლე, საიდანაც უფრო მკაცრად განისჯება სიჩუმეც და სიტყვაც. რადგან ერთია, როცა მორწმუნე სდუმს უცოდინრობის გამო, და მეორე – როცა მღვდელი სდუმს შეგნებულად, სისულელის შიშით ან ძალაუფლების სიყვარულით.
უფალმა სთქვა: "ის კი, ვინც არ იცოდა, მაგრამ ისე მოიქცა, რომ სასჯელი დაიმსახურა, ნაკლებად იგვემება, რადგან ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება.(ლკ.12,48)". მღვდლობა – ეს არის სწორედ ის მდგომარეობა, საიდანაც "ბევრი მოითხოვება". ამიტომ ვინც მღვდლობას ღვთის წინაშე ემსახურება, იცის: ეს არ არის პრივილეგია, ან იმუნიტეტი, ეს არის ჯვარი. და თუ ეს ჯვარი აღარ სტკივა, ე.ი. ვიღაცამ უკვე ჩამოიხსნა და გადაამუშავა კომფორტულ ჯაჭვად.
თქვენ, მამაო, ქრისტიანული საზოგადოებრივი ხმის მქონე ერთ-ერთი გამორჩეული სასულიერო პირი, დღეს გმობთ მხოლოდ სამთავრობო უსამართლობას, თუმცა არც ერთი სიტყვა არ გითქვამთ იმ დეგრადაციის მიმართ, რომელიც შიგნით აღივსება ხოლმე საეკლესიო მანტიის საფარველით.
ამრიგად, ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: რაც არ უნდა სწორს იძახდეთ, რა კადნიერებით საუბრობთ სხვის არეულ სამზარეულოზე, როცა საკუთარი "სატრაპეზო" ჩაოხრებული გაქვთ?!
ეს არის ნაწილობრივი ვაჟკაცობა, რაც განსაკუთრებულად დაზიანებულ სულიერებაზე მეტყველებს. ეს არის ღალატი საეკლესიო ღირსების მთლიანობისა, რამეთუ – "თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო; და - არა, არა; ვინაიდან რაც ამაზე მეტია, ბოროტისმიერია"(მთ. 5,37).
სამწუხაროდ, ისტორია გვაჩვენებს, რომ ეკლესიის წიაღშიც ყალიბდება სისტემა, რომელიც ძლიერად ჰგავს იმ ფარისევლურ კლასს, რომელთან ბრძოლაშიც დასაწყისიდანვე გახლდათ მაცხოვარი. და თუ არ იარსებებს ღვთისმოსავი ადამიანი, რომელიც შინაგანად ამხელს ამ სიყალბეს, მაშინ წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ: "მღვდელი, რომელიც სდუმს ბოროტებაზე, არის მგელი არა სულიერად, არამედ რეალურად, რადგან არ იცავს სამწყსოს ჭეშმარიტებისგან".
აი, აქვე ჩნდება შეკითხვა: ვინ ხართ, მამაო დოროთე, კეთილი მწყემსი, რომელიც სიმართლის ხმას არ აჟღერებს შერჩევითად, თუ ტაქტიკური მორალის ქადაგი, რომელსაც ეშინია ტაძრის შიგნით შემოჭრილი ვაჭრების, მეკერმეებისა და ავაზაკების?
ფრანგი იეზუიტი მღვდელი, თეოლოგი და ფილოსოფოსი, პიერ ტეიარ დე შარდენი, თავის ერთ-ერთ წერილში აღნიშნავდა: "ადამიანი არ იწმინდება მხოლოდ მორალური პოზიციით, არამედ ჭეშმარიტებასთან შეხებით, თუნდაც ის ტკივილს იწვევდეს". სწორედ ამ ჭრილში განსაკუთრებით მძიმედ ჟღერს თქვენი დუმილი.
ამგვარად, ჩვენ, თეოლოგები და ღვთისმსახურნი, თუ განვაგრძობთ იმ პოზიციიდან საუბარს, რომელიც კონფორტულად უტევს გარესამყაროს, მაგრამ პირნათლად დუმს ეკლესიის შიგნით მომხდარ მძიმე მორალურ გადახრებსა და ზნეობრივ მარცხზე, მაშინ წმინდანნი თავის დროზე რასაც ამხელდნენ, დღეს ჩვენ თავად ვხორცილდებით იმ კრიტიკის ადრესატებად.
ამდენად, ჭეშმარიტი ქრისტიანობა არა მხოლოდ წესების დაცვაა, არამედ სიმართლის სიყვარულით ცხოვრება, როცა სიმართლე მწარეა, მაშინაც! სწორედ ეს არის მთავარი კრიტერიუმი სულიერი მოწმობისა – არა მხოლოდ სუფთა ცხოვრება, არამედ სიმართლის უპირობო სიყვარული.
ამასთან, რაც ყველაზე საინტერესოა, თქვენ სდუმხართ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საკითხზე, რომელსაც მისივე მიტროპოლიტი (ასევე არაერთი ერისკაცი) მამათმავლობის ცოდვაში ადანაშაულებს; სდუმხართ მრუშ მღვდელმთავრებზე, რომლებიც გახდნენ პოლიტიკური გარიგებების ნაწილი; სდუმხართ ბერებზე, რომლებიც კერძო ბიზნესის იმიჯით ჭარბობენ სავანეებს. სდუმხართ მღვდლებზე, რომლებიც ბავშვების ფსიქოლოგიურ და სექსუალურ შევიწროვებას ახორციელებენ – ეს ყველაფერი "შიდა და კონფიდენციალურ საქმეებად" მიგაჩნიათ. არადა, შიდა საქმეებში გახლდათ შემცდარი იუდაც. გადაჭარბებული ლოიალობა კერპადქცეული საეკლესიო ავტორიტეტების მიმართ, როდესაც საქმე ღია და მძიმედ ცოდვიან პრაქტიკებს ეხება, ღალატია არა მხოლოდ ჭეშმარიტების, არამედ იმ ეკლესიისაც, რომლის ერთგულებაზეც თქვენ ქადაგებთ. მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს მისტიკური სხეულია, ხოლო სხეულში არსებული ხორცმეტი სიმსივნე არ განიკურნება მისი უარყოფით ან დუმილით.
თქვენი საჯარო მორალური პოზიცია მიკერძოებულია. ამის თქმას კი სიყვარულით ვბედავ, მაგრამ პასუხისმგებლობით ვიმსჭვალები. რადგან ფუნდამენტური ჭეშმარიტებაა: "ამიტომ ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს"(იაკ. 4,17).
სწორედ ამგვარი მორალური პასიურობა ჰქმნის თეოლოგიურ ფარსს, სადაც ეკლესიის პატივისცემა ბრმად ლოიალურ ჩრდილში იმალება. და ეს უკვე სულის ღალატია, არა მხოლოდ ინტელექტისა და სამოქალაქო მსოფლშეგნების.
ამ დროს ეკლესიის ისტორიას ახსოვს კაცები, რომლებიც კათედრებს დაუპირისპირდნენ. გრიგოლ ნაზიანზელი ამბობს, რომ "კურთხევა ნიშნავს იმაზე მეტს, ვიდრე თანხმობა".
თქვენ, ვინც ლაპარაკობთ პოლიტიკურ სიმართლეზე, სამწუხაროდ ირჩევთ მხოლოდ ნახევარ სიმართლეს, რის გამოც ხალხში აღტაცებას იწვევთ, რადგან ბრბოში ნახევარი სიმართლე ხშირად უკეთესია პირდაპირ ტყუილზე. არადა, რა უფრო მძიმეა უფლის თვალში – მეფე, რომელიც ურწმუნოა, თუ მღვდელი,რომელიც სდუმს მაშინ, როცა მის წინ სიწმინდეა შეურაცხყოფილი?
მამაო, მოახდინეთ თვითრეფლექსირება, გახდით მაგალითი შიგნით, სწორედ იმ სივრცეში, რომელიც წმინდაა სახელით, მაგრამ გადაგვარებულია კონფორმისტული ყოფით; ქრისტიანულია ფორმებში, მაგრამ სატანურად მკვდარი – შინაარსში. გახდით ხმა მათთვის, ვინც შიშის გამო სდუმს. იფიქრეთ იმაზე, რაც პასკალმა დაწერა: "სასაცილოა ადამიანი, რომელიც ღმერთის სახელით ჭეშმარიტებას მალავს, რათა ადამიანები არ გააღიზიანოს". ამიტომ, ნუ სდუმხართ იქ, სადაც ღაღადია საჭირო, დუმილით განამტკიცებთ მხოლოდ სიცრუეს და სულიერ თვითმკვლელობას!
შეგახსენებთ წმ. ათანასე ალექსანდრიელის წერილიდან შთამაგონებელ სიტყვებს: "რომ არ ვთქვა ის, რაც ვიცი ქრისტეს ეკლესიის სიწმინდის დასაცავად, არის უფრო მძიმე ცოდვა, ვიდრე ის, ვისაც ცოდვებში ვამხელდი".
საინტერესოა, რას უნდა ველოდეთ საზოგადოებისგან, როდესაც თავად ღვთისმსახურნი იქცევიან მორჩილ და უსაფრთხო კრიტიკოსებად, როცა მკაცრები არიან გარესამყაროს მიმართ, მაგრამ თავიანთი ეკლესიის უსამართლობაზე ყრუდ სდუმან?
გთხოვთ გაიხსენოთ: ქრისტე ყველაზე მკაცრი ენის გამოყენებით სწორედ რელიგიურ ელიტას ამხელდა – "ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, გარედან რომ წმენდთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან ნაძარცვითა და ნაოხარით. თვალდავსილო ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი თუ ჯამი, რათა წმიდა იყოს გარეთაც" (მთ. 23, 25-26). ქრისტესგან მოტანილი კრიტერიუმით დღევანდელი ეკლესიის მრავალი იერარქი თუ სამღვდელო დასის წევრი არქიმანდრიტი სწორედ ამ სიტყვების ადრესატია.
დღეს რომ ქრისტე მოვლენილი ყოფილიყო ჩვენს სივრცეში, იცით ვინ შეუტევდა მას პირველ რიგში? სწორედ ისინი, ვის გვერდითაც დუმილით დგახართ!
მამაო დოროთე, თქვენც და თქვენმა პოლიტიზებულმა კოლეგებმაც უპირველესად უნდა გვასწავლოთ სითამამე შიგნით. ამიტომ, გვაჩვენეთ მაგალითი, რომ სიმართლის მხილება არ არის მხოლოდ სახელისუფლებო ავტორიტარული პოლიტიკის მიმართ განწყობილი ჟესტი, არამედ პროფეტული მორჩილება ღვთის წინაშე, რაც არ უშინდება არც საერო ძალაუფლებას და არც საეკლესიო ავტორიტეტს, როცა ისინი ცრუ გზაზე მიდიან.
ცნობილი რუსი ფილოსოფოსი დიმიტრი მერეჟკოვსკი სწერდა: "ერთგულება ეკლესიისადმი არ ნიშნავს ლოიალობას კლირიკოსების შეცდომებისადმი". თქვენი მდუმარება შიგნით არსებულ ბოროტებაზე, ობიექტურად ამ ლოიალობას გაზიარებთ. და რაც ყველაზე სახიფათოა, ამით თქვენ, კეთილი ზრახვების მიუხედავად, საეკლესიო სივრცეში დამკვიდრებული უსამართლობის მორალურ იმუნიტეტს აძლიერებთ.
მამაო, დროა ხმამაღლა ითქვას ის, რაც გვადარდებს შიგნით, თორემ გარედან წაყენებული ყველა ბრალდება ფარატინა ქაღალდად იქცევა, თუ ეკლესია შინაგანად არ განიწმინდა. სწორედ ამიტომაც მინდა გხედავდეთ ამ უმთავრეს მისიაში!..
ზემოთხსენებული მოწოდებითა და ძმური გულწრფელობით, თქვენი თანამგრძნობი, მაგრამ კრიტიკული ძმა ქრისტეში
Comments
Post a Comment