რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია - ღია წერილი ბოლნისის მთავარეპისკოპოს ეფრემს (გამრეკელიძე)!





 ღია წერილი ბოლნისის მთავარეპისკოპოს ეფრემს (გამრეკელიძე)!

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფეო ეფრემ, მოგმართავთ, როგორც გულით დამძიმებული, იმედგაცრუებული და ქრისტეს წინაშე პასუხის მომლოდინე!
გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მრევლის გული სავსეა შფოთვითა და ფრუსტრაციით. ერისა და ეკლესიის წინაშე მდგარი სირთულეები: სულიერი, ზნეობრივი, პოლიტიკური თუ სოციალური, მრავალი ადამიანის სულს აწვება.
ჩვენ ვხედავთ, როგორ სუსტდება რწმენის ხმაური ურცხვი სიჩუმით, და როგორ იცვლება მწყემსთა ხმა გაურკვეველი დუმილით იმ დროს, როდესაც მრევლი ელის გაბედულ, სუფთა და მართალ ნაბიჯებს. ჩვენი ეკლესიის სახელი შერცხვენილია არაერთი საჯარო სკანდალით, და როცა სიმართლე ითხოვს ხმას, ზოგიერთნი მერკანტილურად ემორჩილებიან უმართებულობას.
მრავალი წელია გიმზერთ არა როგორც უბრალო ადამიანისთვის დამახასიათებელი ცვლილების მოწმეს, არამედ როგორც ეკლესიის ეპისკოპატის ერთ-ერთი იმ წარმომადგენელს, ვინც ნელ-ნელა შორდება პირვანდელ უბრალოებას, თავშეკავებასა და ღვთისმოშიშებას და იძირება იმავე სულიერ დეკადანსში, რომელმაც მრავალი სული დააქცია, გაამიწიერა და რწმენაში ეჭვი გააჩინა.
ვხედავ რა თქვენში გამეფებულ მრავალწლიან სიჩუმესა და უმოქმედობას, ვკადნიერდები და ვიმსჭვალები გულწრფელი მხილებით და გაცნობთ საწუხარს, შეძლებისდაგვარად გულშემატკივრისა და კეთილისმსურველის პოზიციიდან.
საწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ თქვენი რეპუტაცია და იმიჯი, სხვა მღვდელმთავრებთან შედარებით, თითქოს და უფრო დადებითი და ნორმალურია, თუმცა თქვენი ინდიფერენტიზმი თუ უტყვი პოზიციები მთელ რიგ პრობლემებთან მიმართებით, მაინცდამაინც კეთილსინდისიერ და პასუხისმგებლიან მოღვაწეობაზე არ მეტყველებს და გზადაგზა განვმარტავ, თუ რასაც ვგულისხმობ.
ასკეტიკაში, დუმილი ყოველთვის არ არის სიმშვიდის ნიშანი. ზოგჯერ იგი სიბნელესა და უტიფრულ კონფორმიზმში თანამონაწილეობაა.
წლებია, რაც გულში მძიმედ ვატარებ იმ მორალურ პასუხისმგებლობას, რომელიც მოითხოვს, რომ მოგწეროთ ღიად, საჯაროდ და უშუალოდ, ცხადია – არა მტრობით, არამედ სულიერი ვალითა და სინდისიერების აუცილებლობით. გწერთ როგორც თეოლოგი, როგორც ერთ დროს თქვენი ეპარქიის სასულიერო გიმნაზიის (წმ. იოანე ბოლნელის სახ. სკოლა) საღვთო სჯულისა და ძვ. ქართული ლიტერატურის პედაგოგი (2010-2012 წლები), როგორც თქვენი ეპარქიის საეკლესიო გაზეთ "სიონი"-ს რედკოლეგიის წევრი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – როგორც ადამიანი, რომელიც თქვენთან აღსარებას აბარებდა და გენდობოდათ.
ჩვენი ნაცნობობა ჯერ კიდევ 2007-2008 წლებში დაიწყო. მაშინ გიცნობდით, როგორც პატიოსან, მორალურად პრინციპულ, ტრადიციულ იდეოლოგიაზე დამყარებულ ეპისკოპოსს. მჯეროდა თქვენი ერთგულებისა ქრისტესადმი, ეკლესიისადმი და ადამიანებისადმი. მაგრამ რაც დრო გავიდა, მით მეტად ვგრძნობდი გაუცხოებასა და გაოგნებას.
პირველი გულდაწყვეტა 2009 წლის 4 ოქტომბერს ვიწვნიე, როცა ჩემი იმდროინდელი მეგობრის – ვახტანგ ალთუნაშვილის ხელდასხმის დღეს ახლო გარემოცვაში, რომელიც სემინარია-აკადემიის სტუდენტებით იყო დაკომპლექტებული, თქვენს რეზიდენცია-სახლში მეგობრებმა გული გადაგიშალეთ და რეაგირება მოგთხოვეთ ცნობილი მოძალადისა და მამათმავლის, კრემლის ემისარის – "დეკანოზ" გიორგი ხარაზიშვილის განკვეთის აუცილებლობაზე, სადაც მე და მაშინდელმა ერისკაცმა – ირაკლი ჭიღლაძემ (შემდგომში დეკანოზი ილია ჭიღლაძე), თქვენგან, როგორც სინოდის წევრისგან, რეაგირება მოვითხოვეთ, რაზედაც თქვენ გვირჩიეთ "შეგვენარჩუნებინა სიმშვიდე", კონფიდენციალურობა დაგვეცვა და მივნდობოდით "უწმინდეს ილიას სულიერ გამოცდილებას", რომელმაც "იცის რა დროს, როგორ იმოქმედოსო". იქვე, დაგვაიმედეთ, რომ კონსულტაციებს გაივლიდით მიტროპოლიტ იობთანაც (აქიაშვილი), მაგრამ მას მერე არაერთგზის შეგხვდით და ერთხელაც არ გიხსენებიათ ეს საკითხი. საბოლოოდ კი რა თქმა უნდა თქვენი პასუხი ჩვენთვის სავსებით გაუგებარი და არადამაკმაყოფილებელი იყო, რადგან ყველამ ვიგრძენით, რომ არ აღმოგაჩნდათ მართლმკვეთელი ვაჟკაცობა და დავინახეთ თუ როგორი პასიური ბრძანდებოდით პრობლემებთან მიმართებით, თუმცა, ჯერ კიდევ ვიტოვებდით იმედს, რომ გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავდით, მაგრამ როგორც შემდგომში გამოიკვეთა - სრულიად ამაოდ.
2019 წლის აპრილში, ღრმა შინაგანი ტკივილის ფონზე, გიამბეთ ის, რაც მითხრა მიტროპოლიტმა იობმა – მისი გამაოგნებელი ბრალდება კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც იგი პირწავარდნილი მამათმავალი და უსაზღვროდ უზნეო იყო. ეს ამბავი დაბეჯითებით, ანუ მტკიცებით ფორმაში მე მეუფე პეტრეს გაცნობამდე, სწორედ მისგან მოვისმინე. თუმცა, იგივე შინაარსის ბრალდება ილია II-ზე, 2017 წელს ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმაც გააჟღერა ჩემთან საუბარში, რასაც დეკანოზი თეოდორე გიგნაძე და მღვდელი საბა თავაძეც ესწრებოდნენ. როგორც მორწმუნესა და თეოლოგს უდიდესი ტანჯვა მომადგა, ამ ამბავმა ჩემში ლამის რწმენის საფუძვლები შეარყია და ეგზისტენციალურ ჩიხში შემიყვანა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. თანაც, ფრიად მიკვირდა, ამ ფონის მიუხედავად, როგორ დუმდა და ემორჩილებოდა ჰედონისტ მწყემსმთავარს ის (თქვენთვის ავტორიტეტი მეუფე იობი), თუ თავად პატიოსანია-მეთქი, და რატომ იყვნენ უმოქმედოდ სხვა მღვდელმთავრებიც. როცა ეს შემაძრწუნებელი უბედურება მოგიყევით, მახსოვს თავი როგორ დახარეთ, ცოტა დაიბენით კიდეც და სრულიად შეუსაბამო პასუხი მომიგეთ, რამაც იმაზე მეტად შემაშფოთა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. თქვენ მითხარით: "ეს შესაძლოა ასეც არის, მაგრამ უფალი მისი ხელით სასწაულებს მაინც ხომ აღასრულებს და ეროვნული მნიშვნელობის საქმეები ხომ კეთდებაო?!"
მეუფეო, როგორ შეიძლება "სასწაულები" იყოს გამართლება პირველი პირის პერვერტობისა? ან როგორ შეიძლება მწყემსი (ამ შემთხვევაში – თქვენ!), რომელსაც მიცემული აქვს ფიცით ვალდებულება, რათა არ შეეგუოს უხსმსობას, ასეთი შემწყნარებლობით მიუდგეს უპრეცედენტო მასშტსბის მანკიერების შესაძლებლობას?
ფაქტობრივად, თქვენ აირჩიეთ სადუკევლური დამუნჯება და უღირსთა მხარდაჭერა – დუმილი იმაზე, რაც მთელი ეკლესიის ზნეობრივ ღერძს ანგრევს. დუმილი, რომელიც შეიძლება თანამონაწილეობად ჩაითვალოს. ამიტომ, ვერ ვხვდები თუ როგორ არ გრცხვენიათ, მით უფრო, როცა იცით უსაშინლესი სიმართლე და მაინც პიეტეტში ხართ გაბადრული მეხოტბეობით?
აქვე ჩნდება ლოგიკური და მტკივნეული შეკითხვა: როგორ შეიძლება ჩაითვალოს წესიერ მწყემსად ის ეპისკოპოსი, რომლის ეპარქიაშიც მრავალი სამღვდელო პირი არის მორალურად დაკნინებული და ღარიბი, ხოლო თავად ადგილობრივი მთავარეპისკოპოსი ფლობს დიდ სიმდიდრეს, კოლოსალურ ფინანსურ რესურსებსა და ძვირფას რეზიდენციას, როცა ირგვლივ ხალხი ღატაკია და შიმშილობს?
სად წავიდა ეფრემ ქოზიფელის ის სისადავე, უბრალოება და სიმდაბლე, რაც თქვენ გქონდათ, როცა ბოლნისში მოკრძალებულ, ნათხოვარ თუ ნაქირავებ სახლში ცხოვრობდით? სად დაიკარგა ის ქრისტესმიერი მოკრძალება, რომელიც მახსოვს და რაც მე და სხვებს გვაძლევდა იმედს, რომ ეკლესიის ზნეობრივი ხაზი ჯერ კიდევ ცოცხლობდა?
რატომ გაცვალეთ თავისუფლება ფეშენებელურ რეზიდენციაში? რატომ მიბაძეთ მდიდარ, ნიკოლაიტელ და ფუფუნებისმოყვარე ილია II-ს და დაიდგით ძვირფასი როიალი და ბრწყინვალე ინტერიერი თქვენს შესასვლელში, იმავე ხალხის თვალწინ, რომელიც შიმშილით იტანჯება და ელოდება სულიერ ნუგეშს? რატომ ტკბებით ასე აშკარა ძალაუფლებით? ავტომობილების სიუხვით, აღჭურვილობით? რა გამართლებას აძლევს ამას სახარება?
განა ასე აღდგება ეკლესია? თქვენ რომ მიიჩნევთ ეკლესია-მონასტრების რესტავრირებას რწმენის აღორძინებად, გახსოვდეთ ქრისტეს სიტყვები: "ეს ხალხი ბაგით მცემს პატივს, მაგრამ გული მათი შორსაა ჩემგან"(მთ. 15:8).
მაშინ როცა ფიზიკური ნაგებობები კეთილმოწყობილია, რწმენის შინაარსი ფატალურად დაცემულია. ნატიფი და დახვეწილი გუმბათების ქვეშ ეშმაკის ხრიკით დაფარული სულიერი კორუფცია ბუდობს, თქვენ კი ასეთ დროს ყინულივით ცივი უგრძნობლობით დუმხართ – "თქვენც გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით" (მთ.23,28).
უფალი თქვენგან მოპირკეთებულ სამონასტრო გზებსა და ტუფის პერანგში შემოსილ ტაძართა სიუხვეს არ ითხოვს; არც კელიებში მოჩუქურთმებულ ავეჯს, გარე ბრწყინვალებას, ლურჯ მერსედესს, შავ მიცუბიშსა თუ ვერცხლისფერ ლექსუსს. არამედ უპოვარებასა და სახარებისეულ ხმა-საყვირს. ე.ი. სიმამაცეს, რომელიც ტვირთულობს აუცილებელ ჯვარს და ერთმანეთისაგან განჰყოფს კეთილსა და უკეთურს! –"ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა" (მთ.10,34). მახვილი არის ჭეშმარიტება, რომელიც არასდროს ურიგდება უსამართლობასა და დეგრადირებულ გარემო-პირობებს!
ეპისკოპოსი უნდა იყოს ასკეტი, განუხრელი დამცველი სწავლა-მოძღვრებითი, დოგმატურ-კანონიკური თუ ზნეობრივი განწესებისა, რომელიც ღვთისვსულიერია და მარადიული! ის უნდა იფარვიდეს საკუთარ სამწყსოს ცრუ ავტორიტეტებისაგან, კერპთაყვანისმცემლობისაგან, მზაკვრულ იდეოლოგიათაგან და დამღუპველი მონობისაგან. ამდენად, – "თუ მფარველმა დაინახა წამოსული მახვილი და ბუკს არ დასცა და ხალხი არ გააფრთხილა, მოვიდა მახვილი და წაიყვანა ვინმე მათგანი, ეს თავისი ცოდვის გამო წაიყვანება, მაგრამ მის სისხლს მფარველს მოვკითხავ" (ეზეკ. 33,6). შესაბამისად, მოგეკითხებათ ის მთვლემარე ეგოიზმი, რომელსაც თქვენსავე ნელ-თბილობაში ავლენთ.
ეკლესიის გარეგნული ბრწყინვალება ვერ დაფარავს შიგნით განვითარებულ სულიერ კომას, დოგმატურ ხრწნას, კანონიკურ ქაოსსა და ზნეობრივ კოროზიას. და თუ თქვენ, ჩინებულთა შორის რჩეულობისათვის მოწოდებული არ ივარგებთ, ერისკაცებს რაღა უნდა მოვთხოვოთ? - "თქვენა ხართ მარილი მიწისა: და თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? აღარად ვარგა, თუ არა გადასაყრელად და კაცთა მიერ ფეხით სათელად" (მთ. 5,13).
სულიერ წინამძღოლს ევალება არა ფსევდოჰუმანურობა და სენტიმენტალური სიყვარული – განყენებული ფორმით, არამედ თავგანწირვის "სისხლით" დალტობილი მართლმკვეთელობა, საღვთო შურისგება, მოყვასზე ზრუნვა და ღირსეულთა თანადგომა, რომელიც ქრისტემ გვაჩვენა, არა თქვენსავით კომპრომისებითა და გულგრილობით, არამედ ჯვრით!
ასე, მაგალითად, მახსოვს ჩემი მეგობარი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელიც თავდაუზოგავად მსახურობდა თქვენს ეპარქიაში, როგორც ტაძარში, ისე წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში, სადაც ერთდროულად ასწავლიდა სამ საგანს და იკავებდა ადმინისტრაციულ თანამდებობას. ის იყო ერთადერთი ინტელექტუალი და ყველაზე უფრო ადეკვატური სასულიერო პირი თქვენს ომოფორქვეშ და ისიც ვერ შეიშნოვეთ. მისი ანაზღაურება ცინიკური და მიზერული იყო. ეს მაშინ, როცა თქვენ და თქვენს სამღვდელო ადმინისტრაციას უკვე გქონდათ:
მუნიციპალიტეტიდან გამოყოფილი 350 000 ლარი (დღეს კი, როგორც ცნობილია, გაცილებით მეტი); ულიმიტო საწვავი „სოკარ“-ისგან; პრივილეგირებული და ფინანსურად მარგი ურთიერთობა კაზრეთის ოქროსა და სპილენძის საბადოს მთავარ ოპერატორთან და მფლობელთან – კომპანიაა RMG - სთან, რომელიც წამლავს რეგიონის ეკოსისტემას; ათასობით არადეკლარირებული შემოწირულობა; და სხვა კომერციული თუ კერძო შემოსავლებიც, რომლებიც მრევლისთვის სრულიად გაუმჭვირვალეა და უაუდიტო.
მახსენდება წმ. ბასილი დიდი, რომელიც ამბობდა: "თუ ღარიბი შიშველი დგას, და შენ ორი მოსასხამი გაქვს, ის მეორე მოსასხამი მისია, რომელსაც არ აძლევ"! განა ასე იქცევით ფაშებად ქცეული ამჟამინდელი მეუფენი?
მახსოვს თქვენი პატრონაჟით რომ გამოიცა ჩემი მონოგრაფიული ნაშრომი 2011 წელს – "უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II და ქართული საზოგადოება“. მადლიერებით ვიხსენებ ამას და დღესაც მსურს მადლობა გადაგიხადოთ. თუმცა, ამ საკითხზეც საკმაოდ მძიმე მოგონება მაქვს, როცა 700 ტირაჟით გამოცემული წიგნიდან, მე – მის ავტორს, მხოლოდ 50 ცალს მაძლევდით და, რომ არა ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნა, იმ 200 ცალსაც არ მითმობდით, რომელზეც ბოლოს დაგიყოლიეთ. თანაც, ეს წიგნი "ფავორიტი პრინტის" გამომცემლობამ უსასყიდლოდ დაგვიბეჭდა, თქვენთან ნაცნობობის საფუძველზე და იქ არანაირი ფინანსური ხარჯი არ გქონიათ.
ეს წერილი არაა ჩემი ინტერესებისა თუ სახელის დაცვა, ეს არის თქვენი სინდისის გამოღვიძების დაუცხრომელი მცდელობა, რამეთუ , როგორც მოციქულთა მემკვიდრეს გელოდებათ პასუხისგება, არა ჩემთან, არამედ ძლევამოსილი და ყოვლადსამართლიანი ღმერთის წინაშე.
მეუფეო ეფრემ, გამაოგნებელია თქვენი სამოქალაქო ინდიფერენტიზმი და დაბალი ცნობიერება, აბსოლუტური აპოლიტიკურობა და დუმილი, როცა ირგვლივ ხალხი იტანჯება უსამართლობით, ზნეობრივი დეგრადაციით, მთავრობის სიშლეგითა და გადაგვარებით. ის უთქმელობა, რომელსაც თქვენ ავლენთ, არ არის "ნეიტრალური პოზიცია", ეს არის ღვთის წინაშე პასუხისმგებლობის პირდაპირი დარღვევა. ეს არის თანამონაწილეობა ბოროტებაში.
საქართველოში დღეს ყოველდღიურად ირღვევა უფლის მცნებები, ხორციელდება სისტემური ცოდვა და მჩაგვრელი წნეხი ხალხის მიმართ, ხელისუფლების ხელით. ვხედადვთ, რომ სახეზეა ელიტური კორუფცია, რომელიც ღიად მძვინვარებს; გახშირებულია პოლიტიკური ელფერის მკვლელობები; პოლიტპატიმრები იტანჯებიან ციხეებში, მხოლოდ საკუთარი აზრის საჯაროდ თქმის გამო; ახალგაზრდებს ემუქრებიან, სცემენ, ძალადობენ მიტინგებზე; ყოველდღიურად იზრდება ემიგრაცია, ანუ ხალხი, რომელიც უნდა ბინადრობდეს საკუთარ მიწაზე, იძულებით იხიზნება უცხოეთში (მათ შორის ვარ მეც, ჩემივე ოჯახითურთ!); მიმდინარეობს ღია რუსიფიკაცია, სულიერი და კულტურული ოკუპაცია... და თქვენ საერთოდ არაფერს არ ამბობთ.
ეს არის ისევე დიდი ცოდვა, როგორც უშუალო ბოროტების ჩადენა. მოგიწოდებთ გახსოვდეთ წმ. იოანე ოქროპირის სიტყვები: "ჯოჯოხეთი სავსეა იმ მღვდელმთავრებით, რომლებმაც დუმილი არჩიეს სიმართლის თქმას".
არადა, 2009 წელს, გაზეთ "საქართველო და მსოფლიო"-ს ფურცლებზე, თქვენ საჯაროდ გამოხატეთ წუხილი 26 მაისის დარბეულ მიტინგზე. პატივს ვცემდი და ვამაყობდი იმ ჟესტით, როცა გადამეტებული ძალმომრეობის წინაშე ხმა აღიმაღლეთ წინა ხელისუფლებასთან. მაგრამ რატომ აღარ საუბრობთ ახლა, როცა ყველაფერი უფრო მკვეთრად გამრუდდა? რატომ აღარ ამბობთ ხმამაღლა, რომ ხალხის გაწირვა ღვთის წინაშე ცოდვაა, და რომ ხელისუფლებას, რომელიც მოძალადეა, არ ჰყავს უფალი გვერდით?
ნუთუ მღვდელმთავართა მთავარი დანიშნულება მხოლოდ წირვა და მონასტრების მშენებლობაა?
ნუთუ არ არის მათი საქმე: სიმართლის ხმამაღლა თქმა, როცა სისტემა ბოროტია; მორალური საზღვრების მკაფიო გაცხადება, როცა ხელისუფლება ღვთის ნებას უპირისპირდება; სამწყსოს დაცვა, როცა ხალხი ძალადობის ქვეშ ცხოვრობს!
თქვენ კი დუმხართ, ისე, თითქოს არაფერი ხდება. თითქოს სამღვდელოების საქმე მარტო საცეცხლურის ქნევა, კვერთხით მოძრაობა და დიკირ-ტრიკირის დაჭერაა, და არა მათხოვრად ქცეული ერის სულიერი განმართვა წამებულ სინამდვილეში.
ხალხი უკვე ნიჰილიზმსა და აპათიაშია. თქვენი იგნორი, ფსევდოკონსერვატიული პროპაგანდირება ანტიდასავლური რიტორიკით და დუმილი ადგილობრივ განუკითხაობაზე, – როგორც ეპისკოპოსებისა, მათ გულებში ახშობს იმედს და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეკლესიაც მფარველობს იმავე ძალაუფლებას, რომელმაც წაართვა მათ ღირსება.
ეს "არმეხება და ჩემს პრეროგატივაში არ შედის" - პოზა, არის არა მარტო ცოდვა, არამედ ღალატი სამწყსოსი და უარყოფა თავად მისი, რომელმაც სთქვა: "ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ" (მათე 25:40).
წმ. წერილი მკაცრია ასეთ მომენტში: "ცრუ ხმები არ დაყარო, ბოროტმოქმედს არ დაუჭირო მხარი ცრუ მოწმობით" (გამოსვლა 23:1); "ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს - ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს - ბნელად, სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს - სიმწარედ!"(ესაია 5:20). თქვენ, მეუფეო, ამას აკეთებთ. ხმას არ იღებთ ზნეობრივი დეგრადაციის, ცრუ აღმავლობის, ფინანსური მანიპულაციების, ხალხის წამების, დევნისა და ღრმა საეკლესიო სიცარიელის ფონზე.
აქვე, საგულისხმოა ისიც რომ თქვენს ეპარქიაში სამღვდელოების არც თუ მცირე ნაწილი მორალურად თუ ინტელექტუალურად დეგრადირებულია – ეს ყველამ ვიცით, ვისაც გარკვეული კვალიფიკაცია თუ კომპეტენცია და ობიექტური ანალიზის უნარი გვაქვს. ხალხი ამბობს, განიცდის და შორდება ეკლესიას. და თქვენ – გაღიმებული დუმხართ. ფიქრობთ, რომ მარმარილოს იატაკებით, ლამაზი ფრესკებითა და ფოლკლორული ღონისძიებების გამართვით შეიძლება აღმშენებლობის ილუზიის შექმნა?
თქვენ, ეკლესიაში ამრავლებთ ყველაზე უფრო რადიკალურ, ობსკურანტულ, ექსტრემისტულ და ფანატიკურ დაჯგუფებასთან ("მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი") ასოცირებულ სასულიერო პირებს, რომელნიც ცნობილი არიან რუსოფილური განცხადებებითა და მშფოთვარე ზილოტისტური აღტკინებებით. ამასთან, სწორედ თქვენს ეპარქიაში მსახურობს ცნობილი ფუნდამენტალისტი დეკანოზი ბასილ ახვლედიანი, რომელიც ღვთის გმობად თვლის საკეისრო კვეთას, ნატრობს ლიბერალთთა სიკვდილით დასჯას ალესილი ხმლით, განადიდებს სტალინს, მკრეხელ ნიკოლოზ-ნარიმან მაქარაშვილს, ეწევა ანტივაქსერულ პროპაგანდას და ზღვაზე დამსვენებელ ქალებს მეძავებად მიიჩნევს. ასევე თქვენთან მსახურობდნენ თქვენივე ნაკურთხები: მმკ-ს დეკანოზი არჩილ ქიტუაშვილი და მმკ-ს მღვდელი ნიკოლოზი. თქვენი ხელდასხმულია მარგინალი მღვდელი ფოტი ზუმბაძეც. თქვენსავე დაქვემდებარებაშია ასევე მღვდელ-მონაზონი იოანე (რეხვიაშვილი), რომელმაც დაარღვია ქალწულების აღთქმა და მეძავთან შვილი გააჩინა. ასევე მღვდელ-მონაზონი შიო (არჯევანიძე) მრუში და უსირცხვილო პიროვნება, რომელმაც ბოლნისის რაიონში 2013-2014 წლებში მრევლის მდიდარი წევრი ქალი (გათხოვილი) ხარჭად დაისვა, შემდეგ კი ეპარქიიდან გაიქცა და მიიმალა, რომელსაც თქვენ მღვდელ-მონაზვნობა (მხოლოდ მცირე ხნით, შვებულებასავით დასაჯეთ და შემდეგ ისევ აღადგინეთ) შეუნარჩუნეთ და დღესაც ჩვეულებრივ მსახურებაში გყავთ. ამ შემთხვევაშიც არ იმოქმედეთ საეკლესიო სამართლის კანონიკური პრინციპების მიხედვით და არ დაუქვემდებარეთ იგი განკვეთას, როცა ვალდებული იყავით გემოქმედათ შემდეგი კანონებით: მოც. 25-ე, ბასილი დიდის 32-ე, კართაგენის 27-ე, და სხვ.
ასევე, თქვენივე ეპარქიაშია ალკოჰოლიკი დეკანოზი საბა გოგსაძეც, რომელსაც მრავგლგზისი კანონდარღვევების მიუხედავად, მისთვის აუცილებელი განკვეთით არ სჯით.
აგრეთვე, მრავალი განიმოსა თქვენს მიერ ნაკურთხი და აღკვეცილი: მემთვრალე დიაკონი იოანე დაიაური; ბერ-დიაკონი ეფრემი, რომელიც მძიმე ცოდვებში ჩავარდა და გაუკუღმართებულ გზას დაადგა. კიდევ რამდენიმე ბერი და მორჩილი გაგექცათ, მაგრამ ამან თქვენში რეფლექსია ვერ გამოიწვია.
თქვენს ეპარქიაშიც ისევე როგორც სხვაგან, "სულიერება" გვევლინება ცოდნის ჯალათად, იზოლაციონიზმი – რწმენის ერთგულებად, ინფანტილიზმი – წმინდა გულუბრყვილობად!
მახსოვს, როცა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ვმუშაობდი, იმდროინდელ მინისტრის მოადგილეს – გიორგი ჯავსხიშვილს ვთხოვე, რაკიღა კანონმდებლობით შესაძლებელი იყო, ხეტყის საშეშე მასალა თქვენი ეპარქიისათვის უსასყიდლოდ გადმოგვეცა, საჩუქრად, რაზედაც მისგან და სხვა ხელმძღვსნელი პირებისგან თანხმობა მივიღე და 2013 წლის თებერვალში 26 კუბ. მ. შეშა გადმოგეცით ოფიციალურად მიღება-ჩაბარების აქტით და მძღოლთა ხარჯებიც ჩვენ დავფარეთ და როცა თბილისში მე და ჩემი თანამშრომლები ბედნიერი ვბრუნდებოდით, გზად დამირეკეთ პრეტენზიული ტონით და ნაცვლად მადლიერებისა, აქეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენეთ, რომ "მამა" შიოს (არჯევანიძე) სატყეო დეპარტამენტის მოხელეებმა შეურაცხყოფა მიაყენესო" – მე წინასწარვე ბოდიში მოგიხადეთ და საქმის არსში გარკვევას დაგპირდით. მაშინვე გადავრეკე შესაბამის უწყებაში და იქ სრულიად განსხვავებული რამ მითხრეს, თუ როგორ თავხედურად ავალდებულებდა შეშის დაჩეხვას სახელმწიფო მოხელეებს თქვენი ბილწი მღვდელ-მონაზონი და როგორ უშვერად უტევდა და ამცირებდა იქ მყოფ ადამიანებს, რაზედაც თავაზიანად განუმარტეს, რომ შეშის დაჭრა არ ზსედიოდა მათ მოვალეობაში. ამ ისტორიის გახსენებით იმის თქმა მინდა რომ თქვენ მოიქეცით მიკერძოებულად და უსამართლოდ, როცა ისედაც დევიანტურ საქციელებში შემჩნეულ "მამა" შიოს უნამუსოდ აყევით და გარშემო ყველა უანაფოროს იმპერატიული ტონითა და უმადურობით გადახედეთ!
აქედან გამომდინარე, საინტერესოა რა ნაყოფი გამოისხით დესტრუქციული ფიგურების ხელდასხმით, მათი დაუსჯელობითა და "დიდსულოვნების" საფარველქვეშ ეკლესიის ზნეობრივი ინტოქსიკაციით? ეს სიბნელის ტრიუმფალური მეტასტაზები მიგაჩნიათ თქვენ ქრისტოცენტრულ მდგენელად? ან ამ შავრაზმელებთან ერთად ეპარქიული შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება გგონიათ თქვენ მოციქულებრივი ვალდებულება? იცოდეთ – ეს არ არის აღორძინება. ეს არის ნიღაბი, რომელიც მალავს სულიერ ლპობას!
როცა ეკლესიაში დაფუძნებულია ფულის კულტი და შიდა კლანური გავლენები; როცა მრევლი აზროვნების თავისუფლებას კარგავს; როცა იერარქთა ცოდვები სინოდზე არ განიხილება; როცა ერესები, დოგმატური გადახრები და გაუნათლებლობა ბატონობს კათედრებიდან! ხოლო, თქვენ კი ამას ლოცვით "აკურთხებთ" და ხელს უწყობთ, წესით უნდა გეშინოდეთ პირუთვნელი უფლის სამსჯავროსი.
მძიმე სიტყვებია ახალი აღთქმის ბოლო წიგნში, სადაც სარკესავით ირეკლება თქვენი რეპუტაციული ყოფა: "ვიცი შენი საქმენი, რომ გაქვს სახელი, თითქოს ცოცხალი იყო, შენ კი მკვდარი ხარ" (გამოც.3,1).
ანგელოზებრივი ვიზუალი და სათნო ფიზიკური გამომეტყველება ვერ გაგათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან, მეუფეო. ვერც გარეგნული სულიერი აქტივობა შეავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც რწმენის გულში იბუდებს, როცა სინდისი დუმს. ამიტომ, მთავარია არა პოზები, არამედ პოზიცია; არა სიტყვები, არამედ პრინციპები. არ არის საკმარისი კეთილი გამომეტყველება, როცა გადაწყვეტილებები, რომელთაც იღებთ, ან არ იღებთ – ხალხის ჭრილობებს ამძაფრებს და არა კურნავს.
არ მინდა დავიჯერო რომ ამ სიტყვების ადრესატი თქვენც ხართ: "ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ შეფეთქილ საფლავებს, რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით" (მთ. 23,27). მინდა მრწამდეს რომ გონს მოეგებით, შეუერთდებით სერგიანელი და ეკლესიუს გამრყვნელი ფსევდოპატრიარქის მამხილებელთა რიგებს და ფართო კარიბჭით სიარულის ნაცვლად, ვიწრო და ეკლიან ბილიკს აუყვებით სასუფევლამდე!
ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, იყოთ მათ შორის, ვინც ხმას ამოიღებს. თორემ, როგორც უფალი ამბობს: "გეუბნებით: ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს" (ლკ. 19:40).
ჩვენ თქვენს ეპისკოპოსობაში ვეძებთ არა დიპლომატიას, კარიერულ სიჩუმესა და მონობას, არამედ – ღირსებას, ვაჟკაცობას, მოციქულებრივ საღვთო შურისგებასა და მართლმკვეთელობას.
გავიხსენოთ რას ამბობდა დიდი თეოლოგი, დოქტორი მარტინ ლუთერ კინგი: "ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ისეთივე მორალური ვალდებულებაა, როგორიც სიკეთისათვის ხელშეწყობა; ჩვენი ცხოვრების დასასრული დაიწყება მაშინ, როცა გავჩუმდებით იმ საკითხების მიმართ, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".
აქვე, აუცილებლად უნდა გკითხოთ: ნუთუ ვერ აცნობიერებთ, რომ ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანთან ინტენსიური ურთიერთობა, საზოგადოებისთვის მის მორალურ რეაბილიტაციად და ლეგიტიმაციად აღიქმება? გაუგებარია, როგორ შეიძლება ეპისკოპოსს, რომელსაც საჯაროდ უკავშირდება უზნეობასთან, ძალადობასთან და კრიმინალურ ქმედებებთან ასოცირებული მძიმე ბრალდებები, თქვენ ასე უაპელაციოდ აქებდეთ და იცავდეთ.
ამ ურთიერთობით თქვენ ხელს უწყობთ მძიმე ცოდვაში მხილებული პირის მორალურ გამართლებას და იმ მრევლის გულწრფელი რწმენის შერყევას, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ეკლესია მართლაც ქრისტეს პიროვნულ თავობასა და სიწმინდეზეა დაფუძნებული და არა გავლენიან ადამიანებს შორის ფარული შეთანხმებებით მართვაზე.
ამასთან, როგორ არ ძრწიხართ და არ გრცხვენიათ, როცა შეხმატკბილებულად თანამსახურობთ თქვენს მეზობელ "მღვდელმთავართან" – ჰომოსექსუალიზმში მხილებულ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოს ზენონთან (იარაჯული), რომელიც დიდი ბრიტანეთიდან ხალხმა და მრევლმა სწორედ ამ მიზეზით გამოაძევა და რომელიც მრავალი წელი ინიღბებოდა ომოფორქვეშ ჩაგრულის მანტიით და ამის პარალელურად მეძავთა ე.წ. "პლეშკაზე" დაკავებული იყო მომიტევეთ და პაკისტანელი გეების ასოთა სიგრძის დაწუნებით (წყარო: სუსის კრებსები). იქნებ დააყენეთ ოდესმე მისი განკვეთის საკითხი და არ ვიცით?!
ან, თუ დაინტერესებულხართ პედოფილ მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) რატომ აქვს დღემდე ილია II-ის მფარველობა და სამღვდელმთავრო პატივი?
ოდესმე თუ დაგიყენებიათ სინოდზე დონ ჟუან ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განკვეთის ინიციატივა, მისი დაუოკებელი, სიძვა-მრუშული და სექსუალური აღვირახსნილობის გამო?
რატომ არ რეაგირებთ მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) მხრიდან ბერად აღკვეცის სტიქიურ თუ თავხედურ მოდურობაზე, როცა ის, სრულიად უმწიფარ, გამოუცდელ ახალგაზრდებს, ადრეულ ასაკში ბერ-მონაზვნებად ღკვეცს და ფსიქიკურად ანადგურებს თითოეულ მათგანს, რომელთაც სამონასტრო მოწოდება არ ჰქონიათ.
სადმე გიმხელიათ და განკვეთა მოგითხოვიათ სხვა არაერთი მრუში, მამათმავალი, ანგარებიანი და კრემლისტი, ათეისტი, შეურაცხადი ეპისკოპოსის განკვეთა, რომლითაც სავსეა თქვენი საბჭოთა, დექრისტოცენტრული და ქვაბავაზაკური ცრუსინოდი?
მოკლედ, როცა ხალხი ტირის – თქვენ იღიმით; როცა ეკლესია ყალბდება – თქვენ არ იმჩნევთ; თქვენ არ ხართ ბრმა, მაგრამ თვალს ხუჭავთ; თქვენ არ ხართ უმეცარი, მაგრამ სიბრიყვით იმცირებთ თქვენს სიბრძნეს.
მეუფეო, თქვენ დუმხართ, როგორც ქარი, რომელიც აღარ ქრის – მაგრამ მაინც ჰგონია, რომ ხეს ამოძრავებს. დგახართ მაღლა, ხოლო ქვემოთ, ხალხი იჭყლიტება. ეკლესია კი იღუპება არა მარტო გარედან, არამედ ილეწება შიგნიდანაც, სადაც მღვდელმთავრები სიმშვიდეს ამჯობინებენ სიმართლეს, ტიტულს – მსახურებას, პატრიარქის გაკულტებას – პატრიარქის მხილებას. თქვენ არ იმჩნევთ გადაგვარებას და თავად ხომ არ ხართ მისი ნაწილი?
უგრძნობელობით მთვლემარე მეუფეო, ეკლესია თქვენი პრივატიზებული ბოსელი არ არის რომ შიგნით, სურვილისამებრ პირუტყვთ მოასაქმებინოთ! და არც თქვენი კურორტის ჰამაკია რომ დარწეულზე გაყუსულად გეძინოთ! იგი არ იმართება მდუმარებით! ის იშვება სიტყვით! და როცა მწყემსი დუმს, მგელი იქ ბუჩქებში კი აღარ იმალება, არამედ ტაძრის შიგნით დგას და მოჭედილ სახარებას შლის თავისი ხელქვეითი ლეკვების (ეპისკოპოსების) თავზე!
უნდა გახსოვდეთ რომ არ არსებობს ნეიტრალიტეტი ისეთ საკითხებში, სადაც მორალი ეჭვქვეშ დგას. დუმილი ასეთ დროს უდრის თანხმობას. ქრისტიანული პრინციპი ამგვარია: დუმილი სიმართლის წინაშე, იგივეა, რაც ტყუილის მხარეს დგომა. ასე თუ არაა, მაშინ უთხარით ხალხს – რატომ დუმხართ? რატომ არ აფრთხილებთ სამწყსოს? რატომ არ მოქმედებთ ნებსით და ღიად ეკლესიის განსაწმენდად? იქნებ იმიტომ რომ არ გსურთ კომფორტის ზონა, ძალაუფლება და გავლენები საფრთხის ქვეშ დაგიდგეთ? – კითხვები რიტორიკულია და თანაც ტრაგიკულად წარმოსათქმელი.
P.S. გთხოვთ, არც კი გაიფიქროთ და მიწოდოთ ეკლესიის მტერი, ან ლიბერალი! ნუ იყოფინ! ჩემი კრიტიკა არასდროს არ ყოფილა დესაკრალიზებული და არც ადამიანის უფლებათა კონვენციებით ნასაზრდოები. მე, როგორც ნეოკონსერვატორი, დღენიადაგ ვამბობ და ღვთის შეწევნით მომავალშიც იგივეს ვიტყვი: დაიცავით წმ. და დიდი სჯულისკანონით გათვალისწინებული ნორმები, ერთგულად მიჰყევით მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ სწავლებას, გაითვალისწინეთ საეკლესიო ტრადიცია, დაემყარეთ წმ. წერილს, იხელმძღვანელეთ პატრისტიკული მემკვიდრეობის გამოცდილებებით და ადეკვატური იყავით თანამედროვე ყოფიერებასთან!
/თქვენი ქრისტესმგმობელი ეკლესიიდან და კრემლის მიერ ოკუპირებული ქვეყნიდან იძულებით ემიგრირებული – გიორგი ტიგინაშვილი /

Comments

Popular posts from this blog

Первый высокопоставленный иерарх Румынской Православной Церкви отправляется в тюрьму - The first high-ranking hierarch of the Romanian Orthodox Church goes to prison

ღია წერილი მის მაღალღირსებას – არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ! -გიორგი ტიგინაშვილი