უფალი მეფობს - დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.

 


უფალი მეფობს

„უფალი აკვდინებს და აცოცხლებს; შავეთში ჩაჰყავს და ამოჰყავს. უფალი აღატაკებს და ამდიდრებს; დაამდაბლებს და აღამაღლებს“ (პირველი მეფეთა 2, 6-7).
ეგვიპტიდან ებრაელი ხალხის გამოსვლის შემდეგ თეოკრატიული მმართველობა მოქმედებს. უფალი ებრაელი ხალხის წინამძღოლი და მფარველია. ეს ხალხი ემორჩილება უფალს, თავის მეუფედ მიიჩნევს მას. უფალი ზრუნავს მათზე, წინაწარმეტყველთა და მსაჯულთა მეშვეობით მართავს. მათი ბაგეებით უცხადებს თავის ნებას და გადაწყვეტილებას, როგორ უნდა იმოქმედოს ამა თუ იმ შემთხვევაში.
თუ ხალხი არ ცხოვრებს უფლის მცნებებისა და კანონთა მიხედვით, არ ისმენს ღვთის სიტყვას, ამას მოსდევს დაცემები და განსაცდელები. ასეთი საყოველთაო მოშვებისა და ღვთის სიტყვის უგელებელყოფის დროს, ხშირ შემთხვევაში, ხოცავენ წინასწარმეტყველებს. უფალი ყველანაირად ცდილობს ებრაელთა შენარჩუნებას თავის წიაღში, თეოკრატიული მმართველობის უკანასკნელ პერიოდში, ბოლო მსაჯულის, წინასწარმეტყველ სამოელის მეშვეობით, რომელიც ქრისტეს შობამდე მე-11 საუკუნეში მოღვაწეობს. მან საკმაოდ ახალგაზრდამ ამხილა ელი მღვდელმთავარი და მისი შვილები. მხილების არშესმენის გამო მძიმე შედეგი დაუდგა ოჯახს:
„უგვანები იყვნენ ელის ვაჟები: არც უფალი იცოდნენდა არც მღვდლობის მოვალეობა ხალხის წინაშე“(პირველი მეფეთა 2, 12-13.); „ძალზე მოხუცდა ელი. გაგებული ჰქონდა ყველაფერი, როგორ ექცეოდნენ მისი შვილები მთელს ისრაელს, რომ წვებოდნენ იმათ ცოლებთან, ვინც სადღესასწაულო კარვის კართან სამსახურს სწევდა. ეუბნებოდა მათ: რატომ აკეთებთ ამას? ხალხისგან მესმის თქვენი უკეთურობის ამბავი. ნუ იზამთ, შვილებო! ცუდი ხმები მესმის. გზიდან აცდენთ უფლის ერს. თუ კაცმა კაცს შესცოდა, ღვთის სამართალია ქომაგი; თუ უფალს შესცოდა კაცმა, ვინ გამოექომაგება? არ ისმინეს მამის სიტყვა, რადგან ნებავდა უფალს მათი დაღუპვა“ (პირველი მეფეთა 2,22-25).
და რაკი არ ისმენენ ელი მღვდელმთავრის შვილები არც მამის და არც უფლის სიტვებს, სამუელ წინასწარმეტყველის მეშვეობით რომ უცხადებს მათ, მაშინ დასჯაზე გადადის. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან: „ელი მღვდელმთავრის ცხოვრება გვასწავლის, რომ მხოლოდ სიტყვით მოწოდება საკმარისი არაა, როცა ბოროტება ძლიერდება, აუცილებელია მამობრივი სიმკაცრე, თორემ მწყემსიც ხდება მგლების თანა-მზრუნველი“ (წმინდა ამბროსი მედიოლანელი); „ელი შვილების მძიმე ცოდვას ხედავდა და მხოლოდ სიტყვით ამხელდა მათ. ეკლესია კი ასწავლის: როცა შენი ხელქვეითი ბოროტებაშია და შენ უშვებ ამას, ეს ნიშნავს, რომ იმავე ცოდვის თანამონაწილე ხარ. პასუხისმგებლობა მწყემსისა უდიდესია — და ეს პასუხისმგებლობა იწყება ჩვენს ოჯახში, ჩვენს მახლობლად, სადაც ღმერთმა დაგვაყენა“ (მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი).
უმძიმესი განაჩენი გამოუტანა ღმერთმა ელის და მის ოჯახს: „მარადიულად ივლიან ჩემ წინაშე შენი სახლი და მამაშენის სახლი. ამიერიდან, ამბობს უფალი, არამც და არამც! რადგან ჩემს პატივმგებელს პატივს მივაგებ, ხოლო ჩემი მოძულენი დამცირდებიან. აჰა, მოაწია ჟამმა და უნდა მოვკვეთო შენი მკლავი და მამაშენის სახლის მკლავი ისე, რომ მოხუცებული აღარ დარჩეს შენს სახლში. დაინახავ მეტოქეს ტაძარში, როცა კეთილი დღე დაუდგება ისრაელს, შენს სახლში კი მოხუცებული არასოდეს იქნება. ყველას არ მოგიკვეთ ჩემი სამსხვერპლოდან, რომ თვალები გევსებოდეს და სული გიწუხდეს. მაგრამ შენი სახლის მთელი მამრული მონაგარი გაწყდება. აჰა, ნიშანი, რომელიც ახდება შენს ორ ვაჟზე – ხოფნიზე და ფინხასზე: ერთ დღეს დაიხოცებიან ორთავენი. დავიყენებ ურყევ მღვდელს, რომელიც ჩემს ნებაზე მოიქცევა, ავუშენებ ურყევ სახლს, რათა სულ მუდამ ჩემი ცხებულის წინაშე დადიოდეს. მივა მასთან შენს სახლში დარჩენილი ვინმე და თაყვანს სცემს მას გროშისა და პურის ნატეხისთვის და ეტყვის: მომეცი სამღვდელო რამ ხარისხი, რომ ლუკმაპური ვჭამო“ (პირველი მეფეთა 2, 30-36).
როგორც წმინდა ეფრემ ასური გვასწავლის, „ღმერთი მრავალგზის უხმობს ცოდვილს სინანულისკენ, მაგრამ თუ ზარმაცი დარჩა და არ გაიღვიძა, ბოლოს სამართლის ხმალი დაეწევა მას“. მისივე განმარტებით, „ღმერთმა დიდხანს მოითმინა ელის ცოდვა და მრავალგზის მოუწოდა სინანულისკენ. მაგრამ ვინც წინასწარმეტყველთა ხმას არ ისმენს, თავად ექცევა განაჩენში. ელის სახლის განაჩენი გვასწავლის, რომ მღვდლისა და მამის სიზარმაცე სულიერი სიკვდილია“. „მიუგო მაცნემ და უთხრა: უკუექცა ისრაელი ფილისტიმელებს. სასტიკად დამარცხდა ხალხი, შენი ორი ვაჟიც – ხოფნი და ფინხასი დაიხოცნენ და ღვთის კიდობანიც წაღებულია. როგორც ახსენა მან ღვთის კიდობანი, უკან გადაიქცა ელი საკარცხულიდან კარისკენ, ხერხემალი გადაუტყდა და მოკვდა, რადგან მოხუცებული იყო და მძიმე. ორმოც წელიწადს მსაჯულობდა იგი ისრაელში“(პირველი მეფეთა 4, 14-18).
ასაკში მყოფ სამოელს ებრაელმა ერმა მოსთხოვა მეფის კურთხევა. ეს მოთხოვნა იმის ნიშანია, რომ ისეთი რწმენა აღარაა ისრაელში. როგორც ხალხში, ისე სასულიერო დასში უფლის მიმართ დამოკიდებულება შეცვლილია. ვერ იაზრებენ სხვაობას უფლის მფარველობის, მმართველობის ქვეშ ყოფნასა და ადამიანს დაკისრებულ „იმავე“ მოვალეობას შორის და უპირატესობას ადამიანს ანიჭებენ, რომლის შესაძლებლობა, ღვთის ძალმოსილებასთან მიმართებით, არც კი შეიძლება, რომ განიხილებოდეს... ებრაელები უყურებდნენ მათ ირგვლივ განსახლებულ ერებსა და ხალხებში მონარქიულ მმართველობას, მიიჩნევდნენ, რომ მათაც ასეთივე მმართველი უნდა ჰყოლოდათ: „უთხრეს: შენ მოხუცდი, შენი შვილები კი არ მიჰყვებიან შენს გზას. დაგვიდგინე ახლა მეფე, რომ სხვა ხალხების წესისამებრ განგვსჯიდეს“ (1 მეფეთა 8, 5).
სამოელ წინასწარმეტყველი გაუბრაზდება ხალხს, რომ მათ უარყვეს ღვთის მმართველობა და ადამიანზე გააკეთეს არჩევანი, მაგრამ უფალი ეტყვის სამოელს რომ დაჰყვეს ხალხის ნებას და უკურთხოს მეფე: „უთხრა უფალმა სამუელს: შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ“... ახლა შეისმინე მათი სიტყვა, ოღონდ გააფრთხილე და აუხსენი უფლებები მეფისა, რომელმაც მათზე უნდა იმეფოს“ (1 მეფეთა 8, 7-9). ეს კი გულისხმობს მეფის ოჯახის და მის სამსახურში ჩადგომას, გადასახადების დაწესებას და ჯარში სამსახურს – ყოველივე იმას, სახელმწიფო სამსახურის უზრუნველყოფას რომ სჭირდება და ეს ყველაფერი ეკისრებათ. მეფე თავად უფალმა გამოარჩია, სამოელ წინასწარმეტყველის მიერ აკურთხა და ცხებული მეფე დაუდგინა, მაგრამ მასაც თავისი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები დააკისრა ღვთისა და ერის წინაშე:
„დაჯდება თავის სამეფო ტახტზე, წიგნში ჩაიწეროს ეს მეორე რჯული ლევიანი მღვდლებისაგან. თავისთან ჰქონდეს და იკითხოს მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს უფლის, თავისი ღმერთის შიში და იცავდეს ამ რჯულის ყოველ სიტყვას და ამ წესებს ასრულებდეს, რომ არ გაუმედიდურდეს თავის მოძმეებს, არ გადაუხვიოს ანდერძს არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, რათა მრავალი ხანი იმეფოს მან და მისმა შვილებმა ისრაელის წიაღიდან“ (მეორე რჯული 17,18-20). ამასთან ერთად, უფალი წინასწარმეტყველის მეშვეობით განუცხადებდა თავის ნებას: „თუ ვინმე არშეისმენს ჩემს სიტყვებს, რომელთაც ის გამოაცხადებს ჩემისახელით, თავად მე მოვთხოვმასპასუხს. მაგრამ წინასწარმეტყველი, რომელიც გაკადნიერდება და ჩემი სახელით დაიწყებს იმის გამოცხადებას, რაც მე არ მიბრძანებია გამოსაცხადებლად, ან რომელიც უცხოღმერთების სახელით ალაპარაკდება, ეს წინასწარმეტყველი უნდა მოკვდეს“ (მეორე რჯული 18, 19-20). მეფეს უნდა შეესრულებინა ღვთის ნება, რომელსაც განუცხადებდა და რჯულში მითითებული კანონების მიხედვით ემოქმედა, რომ არც მარცხნივ და არც მარჯვნივ გადაცდომები არ ჰქონოდა. ის უნდა ყოფილიყო ღვთის ერზე მზრუნველი და არა მარტო ხალხი უნდა ეცხოვრებინა კანონთა მიხედვით, არამედ სასულიერო პირებიც. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „მეფე მხოლოდ ქვეყნის მმართველი არ არის. ის არის ღვთის სახლის მფარველი, ღვთის მსახურთა ცხოვრების სიწმინდის დამცველი და ღვთის წესების დაცვის ზედამხედველი“. ამავდროულად, თუ მას შეცდომები და გადაცდომები ექნებოდა და ასეთ შემთხვევაში ამხელდნენ სასულიერო პირები, მათ მიმართ აგრესიით არ უნდა ემოქმედა. წმინდა ბასილი დიდი ამბობს: „ღმერთის მსახურის უგულებელყოფა მეფისთვის იგივეა, რაც ღვთის სახლის დარბევა; ვისაც ღმერთი დაემხობა, მას არ უშველის არც ძალაუფლება, არც ქონება“. წინასწარმეტყველის მეშვეობით ამხელდა უფალი და თუ არ შეისმენდა, შეცვლიდა მას.
ასე მოხდა საულის შემთხვევაშიც, როდესაც აღარ ისმენდა ღვთისას. უფალმა დავითი გამოარჩია, თუმცა საულმა დავითის დევნა დაიწყო და მისი მხარდამჭერი მღვდლები დახოცა. „უთხრა მეფემ მორბედებს, მის წინაშე მდგართ: წადით და დახოცეთ უფლის მღვდლები, რადგან დავითის მხარი უჭირავთ. იცოდნენ, რომ გაქცეული იყო იგი და არ შემატყობინეს. მაგრამ არ უნდოდათ მეფის მორჩილთ ხელი აღემართათ და დასხმოდნენ თავს უფლის მღვდლებს. უთხრა მეფემ დოეგს: შენ წადი და დახოცე მღვდლები. წავიდა დოეგ ედომელი და დაესხა მღვდლებს და დახოცა იმ დღეს ოთხმოცდახუთი კაცი, სელის ეფოდით შემოსილი“ (პირველი მეფეთა 22, 17-18). მაშინ, როცა საულს რჯულის წიგნებით უნდა ეხელმძღვანელა, ღვთისთვის უნდა ეთხოვა შემწეობა წინასწარმეტყველის შუამდგომლობით, მან თავისი შეხედულებით იმოქმედა. წმინდა ბასილი დიდი ამბობს: „ღმერთის მსახურის უგულებელყოფა მეფისთვის იგივეა, რაც ღვთის სახლის დარბევა; ვისაც ღმერთი დაემხობა, მას არ უშველის არც ძალაუფლება, არც ქონება“. წმინდა გრიგოლ ნაზიანზელის თქმით, „საული თავად იყო დასაწყისში თავმდაბალი, მაგრამ დიდებამ გააბრუა. მან ვერ გაუძლო ძალაუფლების ცდუნებას და საკუთარი ნება ღმერთის ნებაზე მაღლა დააყენა. ამიტომ სულიერად დამახინჯდა და მეფობის ღირსი აღარ იყო“.
ამიტომ შეიცვალა საული დავითით და იკურთხა მეფედ. როდესაც ცხებული მეფე უფლის მოწოდებით მოქმედებს, ღვთის მცნებებით ცხოვრობს, ხალხს და, უპირველესად, ღვთისმსახურებს უფლის დადგენილი კანონებით აცხოვრებს, ღმერთი უცილობლად შეეწევა ასეთ მმართველს. სასულიერო პირთა გადაცდომის შემთხვევაში მან უფალთან ერთად, მისი კანონების მიხედვით უნდა იმოქმედოს, რადგან სამართლიანი მსჯავრის შემთხვევაში უფალი იცავს და შეეწევა ხელისუფალს. თუ მღვდლები ან მღვდელმთავრები ღვთის მცნებებს უგულებელყოფდნენ და ურჯულო ცხოვრებას მიჰყოფდნენ ხელს, მეფე ვალდებული იყო, სინანულისკენ მოეწოდებინა.
წმინდა ბასილი დიდი ამბობს: „ვინც ძალაუფლებას ფლობს, მისგან მოითხოვს ღმერთი, რომ ღვთის სახლი სიწმინდით იმართებოდეს. ის პასუხს აგებს ღვთის წინაშე, თუ ცოდვას იტანს ტაძარში და მღვდლებს არ ამხელს“.
წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის: „მეფე არის ღვთისმსახურთა სიწმინდის დამცველი. თუ მღვდელი ცდება და მეფე დუმს, ორივე ერთ ცოდვაში ეცემა“.
წმინდა გრიგოლ ნაზიანზელი შეგვაგონებს: „მეფის ვალია ღვთისმსახურები გაამხნეოს კეთილ საქმეებში და განაშოროს ცოდვისაგან, რომ უფლის სახლი სიწმინდით იმართებოდეს“.
თუ მღვდლები წარმართობისკენ მიიდრიკებოდნენ, მაკურთხებელ უფალს განუდგებოდნენ, წარმართ ქალებს მოიყვანდნენ ცოლად და თვითონაც წარმართებივით დაიწყებდნენ ცხოვრებას, ასეთ შემთხვევაში მეფეს ეძლეოდა მღვდლების დასჯის უფლება, რათა შეენარჩუნებინა ერი მადლის ქვეშ ისე, როგორც ეს მეფე აშურამ ქრისტემდე VII საუკუნეში განახორციელა: „შეუთვალა მეფემ და შეიკრიბა მასთან იუდას მთელი უხუცესობა და იერუსალიმი. ავიდა მეფე უფლის სახლში და ყველა იუდაელი, და იერუსალიმის ყოველი მცხოვრებნი, მასთან ერთად მღვდლები და წინასწარმეტყველნი, მთელი ერი დიდიან-პატარიანად, და ხმამაღლა წაუკითხა მათ მეფემ ყოველი სიტყვა აღთქმის წიგნისა, რომელიც უფლის სახლში იპოვეს. შედგა მეფე ამაღლებულზე და დადო აღთქმა უფლის წინაშე, რომ ივლიდა უფლის კვალზე, ყურად იღებდა მის ბრძანებებს, მის გაფრთხილებებს და მის წესებს მთელი გულითა და სულით, რათა აღსრულებულიყო ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვები. მოიწონა აღთქმა მთელმა ერმა. გამოატანინა მეფემ ხილკია მღვდელმთავარს, მეორე ხარისხის მღვდლებს და ზღურბლის მცველებს უფლის ტაძრიდან ბაალისთვის, ამ აშერასათვის და ცის მთელი ვარსკვლავეთისთვის გაკეთებული ნივთები და ცეცხლს მისცა იერუსალიმს გარეთ, კედრონის ყანებში, ხოლო ნაცარი ბეთელში წაიღო. გაყარა იუდას მეფეთა მიერ დაყენებული ქურუმები, რომლებიც მსხვერპლს სწირავდნენ გორაკებზე იუდას ქალაქებში და იერუსალიმის სანახებში, და ბაალის, მზისა და მთვარის, ცთომილთა და ცის მთელი ვარსკვლავეთისთვის გუნდრუკის მკმეველნი. გაიტანა აშერა უფლის სახლიდან იერუსალიმს გარეთ, კედრონის ხევისკენ, დაწვა კედრონის ხევში, ნაცარტუტად აქცია და მისი ფერფლი მდაბიორთა სასაფლაოზე დაყარა. დაანგრია უფლის ტაძართან მდგარი როსკიპთა სახლები, სადაც დედაკაცები კარვებს უქსოვდნენ აშერას. გამოყარა იუდას ქალაქებიდან მღვდლები და წაბილწა გორაკები, სადაც აკმევდნენ ისინი გუნდრუკს, გებაყიდან ბერშებამდე, და დაანგრია კარიბჭის გორაკები, ერთი – ქალაქის მთავრის, იესოს, კარიბჭის შესასვლელთან რომ იყო, და მეორე – ქალაქის კარიბჭის ხელმარცხნივ“ (მეოთხე მეფეთა 23, 1-8).
როგორც წმინდა ბასილი დიდი ამბობს, „თუ ღვთისმსახური ცოდვას ეძლევა და მეფე თვალს ხუჭავს, ცოდვა მეფესაც ედება, რადგან მისი მეფობა ღვთის ნებაზეა დამოკიდებული“. ასევე იმოქმედა ეზრა მღვდელმა ქრისტემდე V საუკუნეში. მასაც შეეწია უფალი და გააძლიერა საღვთო საქმის აღსრულებაში: დაიყვნენ ეზრა მღვდელი და კაცები, მამისსახლთა თავკაცნი, თავ-თავიანთი მამისსახლთა მიხედვით – ყველანი სახელდებით იყვნენ ცნობილნი. დასხდნენ მეათე თვის პირველ დღეს ამ საქმის გასარკვევად. პირველი თვის პირველი დღისთვის მორჩნენ ყველა იმ მამაკაცთა საქმეს, რომელთაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ. სამღვდელო წარმოშობის ხალხში, რომელთაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ, აღმოჩნდნენ: იესო იოცადაკის ძისა და მისი ძმების შთამომავალთაგან: მაყასეია, ელიაზარი, იარიბი და გედალია. ხელი მისცეს, რომ გაუშვებდნენ ცოლებს და ცოდვის გამოსასყიდად ვერძს შესწირავდნენ მსხვერპლად“ (პირველი ეზრა 10, 16-19).
ასე მოქმედებს ღვთის ერი. მაგრამ როცა სასულიერო პირები ღმერთს აღარ ემსახურებიან და კერპებს სწირავენ მსხვეპლს, ეს ეშმაკის მსახურებას ნიშნავს. დავით მეფსალმუნე სულიწმიდით ამბოს: „რამეთუ ყოველი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკნი არიან, ხოლო უფალმან ცანი შექმნა“ (ფს. 95, 5).
უფლის წყენა გამოვლინდა თავის ერის მიმართ და დიდი ხნის განმავლობაში მოწყალების გარეშე დატოვა ებრაელი ხალხი –ორი ათასი წელია, მათ მსხვერპლსაც კი არ იწირავს. ზოგადად, ყველა ერი ამ მდომარეობაშია, ვინც მიიჩნევს, ცუდმედიდობს, რომ უფლის წიაღში ცხოვრობს. აი, რას ამბობს უფალი აშურას მეფობის შესახებ: „„არ ყოფილა მანამდე მისი მსგავსი მეფე, რომელიც მთელი გულითა და სულით, მთელი თავისი ძალით, მოსეს რჯულის თანახმად, ყოფილიყო მოქცეული უფლისადმი. არც მის მერე გამოჩენილა მისი მსგავსი. მაგრამ არ შებრუნებულა უფალი დიდი რისხვისგან, რითაც მრისხანებდა იგი იუდაზე. ყველა წყენის გამო, რაც მენაშემ აწყენინა მას. თქვა უფალმა: იუდასაც მოვიშორებ ჩემგან, როგორც ისრაელი მოვიშორე; არად ჩავაგდებ ამ ქალაქს, იერუსალიმს, რომელიც ავირჩიე, იერუსალიმს და სახლს, რომელზეც ვთქვი, აქ იქნება-მეთქი ჩემი სახელი“ (მეოთხე მეფეთა 23, 25-27).
ასე რომ, ერის, მეფის (მმართველის) თუ სასულიერო პირების ყველა მოქმედაბას შესატყვისი პასუხი მოჰყვება ხოლმე უფლის მხრიდან და ეს შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. თუ მმართველები არ იმოქმედებენ უფლის კანონთა მიხედვით, მერე თავად უფალი იწყებს ყველას მიმართ მოქმედებას: „ჩემს პატივმგებელს პატივს მივაგებ, ხოლო ჩემი მოძულენი დამცირდებიან“ (პირველი მეფეთა 2, 30).
საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.