ვლადი ნარსია - "ვარდების რევოლუციით შეშინებული შორენა თეთრუაშვილი მოსკოვში გაქცევას გეგმავდა"


 


ვარდების რევოლუციით შეშინებული შორენა თეთრუაშვილი მოსკოვში გაქცევას გეგმავდა და დახმარების თხოვნით იქაურ მღვდელს დაუკავშირდა. როცა ეს გავიგე იმედი მომეცა. სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, სწორად ვერ შეაფასა ეკლესიაში რუსული გავლენების საფრთხეები. მაშინ შორენა (რუსეთი საქ. ეკლესიაში!) გადაურჩა გაქცევას, ადაპტაციაც განიცადა და უფრო გაძლიერებული დაბრუნდა 2012 წელს.
“მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დაისადგურებენ იქ, და იმ კაცისათვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება.” (მთ. 12:45). მათეს სახარების ამ მუხლს თუ ზემორე კონტექსტს მოვარგებთ ის ალბათ ასე გადმოითარგმნება - თუ ქვეყანაში რუსულ გავლენებს ებრძვი და ამ ბრძოლაში ყველაზე დიდ რუსულ კარს ღიად დატოვებ აუცილებლად დამარცხდები. საქართველოს საპატრიარქოს მიერ „დაგმე მიშას“ რუსულ აქციებს რა შედეგებიც მოჰყვა, მეტ-ნაკლებად ყველამ ვიცით. ახლა ამაზე არ ვწერ, არამედ იგივე შეცდომის მიმსგავსებით განმეორების საფრთხეზე.
მე არ ვიცი 4 ოქტომბერი რას მოიტანს. ღმერთმა ქნას ოქტომბრის დიდ დღეებს საქართველოში რუსული მმართველობის დასრულება მოჰყვეს. მაგრამ, შეკითხვა ისევ გამოძვრება თუ არა საპატრიარქო საქართველოში მიმდინარე ფორმალურ დისკუსებში ყურადღების მიღმაა დარჩენილი, არადა ეს ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი მგონია, როცა საქართველოში რუსული მმართველობის დასრულებაზე ვსაუბრობთ.
ჩვენ ერთ თვეზე მეტია თბილისში სასულიერო პირთა ერთი ჯგუფის ძალზედ საინტერესო აქტივობებს ვადევნებთ თვალს. მათი რიტორიკა შეუვალია ქართული ოცნების რუსული ყაიდის მმართველობის, და რუსეთის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის ისტორიული მტრის წინააღმდეგ. თუმცა, ეს ჯგუფი არასოდეს ეხება ეკლესიის იერარქიის რუსოფილურ განცხადებებს, “რუსული სულიერების“ ფეტიშიზმს ქართულ ეკლესიაში, უკიდურესად საშიშ “პრავოსლოვიურ“ ბოდვებს გარყვნილი დასავლეთის და წმინდა რუსეთის შესახებ, პატრიარქ ილიას II ცნობილ ხოტბას პუტინის მიმართ, და საპატრიარქოზე რუსული გავლენების არაერთ საკვანძო ასპექტებს. ეგ კიარა, აგერ ეპისკოპოსად წოდებულმა ყაჩაღმა ჯამდელიანმა „გუშინწინ“ ლამის დააქცია ეკლესია, მისი წესწყობა და ამ ჯგუფს ერთი სიტყვაც არ დაუძრავს. წინათ იყო ფაქტებით პედოფილიაში მხილებული სერაფიმე ჯოჯუა, მამათმავლობაში მხილებული ზენონ იარაჯული, ძალადობაში და გარყვნილებაში მხილებული ნიკოლოზ აიფონა ფაჩუაშვილი, ანტონ ბულუხია, სტეფანე კალაიჯიშვილი, სპიროდონ აბულაძე, და კიდევ რამდენი ჩამოვთვალო, მაგრამ ამ ჯგუფისგან საერთოდ არაფერი გვსმენია. პირიქით, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოსგან მართული ტვ-არხით ვინმე გიორგი დარასელიასთან (საშინელი სიბნელის და მავნებლობის ტირაჟირებას ეწევა!) იმ ადამიანებს აკრიტიკებდა ვინც ეკლესიაში არსებული უმძიმესი მდგომარეობით გულწრფელად იყო შეწუხებული.
რატომ?
მოდით ჩავთვალოთ, რომ ეს წინასწარმოფიქრებული ტაქტიკის ნაწილია. დავუშვათ, არქ. დოროთე ყურაშვილი ფიქრობს, რომ ახლა საეკლესიო იერარქიის კრიტიკის დრო არ არის, მათი განსჯა მომგებიანი არ არის. საჭიროა რუსეთის თემის აქტუალიზაცია, რადგან ეს უფრო მეტ ადამიანს გააერთიანებს. დიახ, რუსეთი დღეს მართლაც ტოპ თემაა და რატომაც არა, თუკი შესაძლებელია სასულიერო პირის ჩართულობით ოპოზიციური მოძრაობის გაძლიერება საქართველოში რუსული ხელისუფლების დასასრულებლად. მერე კი, როცა ამ ხელისუფლებას დავასრულებთ, ეროვნული ხელისუფლების დახმარებით ეკლესიასაც მივხედავთ.
დაახლოებით ასე წარმომიდგენია პატივცემული არქიმანდრიტის დუმილის მიზეზი. თორემ, ღმერთმა ნუ ქნას მას ის მოსწონდეს რაც დღეს ეკლესიაში ხდება.
აი, ამ ტიპის მიზეზთან თუ მსჯელობებთან დაკავშირებით მსურს რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ:
უპირველესად, ბედნიერი მომავლის ეს პროექტი (ჯერ სახელმწიფოს მივხედავთ და მერე ეკლესიას!) არახალია, და იგი ოდითგან გამოცდილი პოლიტიკური ხრიკია ეკლესიაში რუსული მმართველობის შესანარჩუნებლად. აქ მთავარი მესიჯი ხალხზე და ერზე ზრუნვაა და იგი იწყება არა ეკლესიაში მდგომარეობის გამოსწორების დაპირებით, არამედ სახელმწიფოში. საპატრიარქო ამას მაშინ აკეთებს როცა ხელისუფლებას ძალაუფლების კრიზისი უდგას. ამ სისტემაში ფესვგადგმული მართვის საბჭოური გამოცდილება თითქმის ყოველთვის სწორად აფასებს ხელისუფლების ირგვლივ შექმნილ საფრთხეებს, მოახლოებულ ცვლილებებს და ადგენს სამომავლო გეგმებს.
ამ სამომავლო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკე პირის სწორად შერჩევა. ალბათ საუკეთესო შემთხვევაში ეს უნდა იყოს საპატრიარქოსთან აფილირებული პირი, რომელიც თითქმის არასოდეს აკრიტიკებს საპატრიარქოს, არის სისტემის მორჩილი, არ არის შემჩნეული მორალურ ან სხვა ტიპის საეკლესიო გადაცდომებში, აქვს მრევლთან (ერთან) ეფექტური კომუნიკაციის უნარები, და რაც მთავარია, სწორად ესმის დღეს ქართული საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის ემოციური ლტოლვის მიზეზები - საქართველოში დასავლური კულტურისა და ღირებულებების რუსული საფრთხეებისაგან დაცვა.
საპატრიარქო 2023 წლიდან თვალს ადევნებს ქართველი ახალგაზრდების თავდადებულ ბრძოლას დასავლური ღირებულებების დასაცავად. 300 დღიან პროტესტს, რომელსაც ქართული ოცნება საპატრიარქოსთან ერთად სრულიად უშედეგოდ უპირისპირებს ზნედაცემული ადამიანების (ტიტუშკები) ჯგუფს, მაგრამ მაინც არაფერი გამოსდით. ჰოდა, ასეთ დროს საპატრიარქოში ზურგის ტვინით ხვდებიან, რომ ნიღაბი უნდა მოირგონ და დროებით შემოტრიალდნენ. თუმცა, ხალხისკენ შემოტრიალება მარტივი არ არის, რაღაც გულწრფელ და გულუბრყვილო პროცესს უნდა ჩაეჭიდონ. ეჭვგარეშეა, რომ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ახალგაზრდების მხარდაჭერაში და მათი ხედვების გაზიარებაში სრულიად გულწრფელი და გულუბრყვილოა. ასეთი ფიგურანტის მხარდაჭერით კი საპატრიარქო ორ კურდღელს დაიჭერს: 1. ამ გზით ჩამოირეცხავს ახალგაზრდებში რუსეთის მტრული და აგენტურული ინსტიტუტის იარლიყს, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთია, და ვგონებ უკვე ისტორიის ნაწილად იქცა, რომელიც უკუქცევას არ ექვემდებარება. 2. საპატრიარქოში აქამდე არსებული ყველა მოლაპარაკე თავი დისკრედიტებულია, რადგან ან დაუფარავი რუსოფილია ან გარყვნილი მამაძაღლი. ასეთ კრიზისში გამოჩნდა არქ. დოროთე ყურაშვილი, გულწრფელი, სანდომიანი და გამოცდილი. მან ზუსტად იცის ამ ვითარებაში რა შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ერთობის გამყარებას და ეს არის საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანება. მისი მთავარი სათქმელია ის, რომ რუსეთი მტერია, დიახ, ჩვენი სახელმწიფო და საეკლესიო დამოუკიდებლობის მტერი. მე პირადად სრულად ვეთანხმები, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს საპატრიარქო ეთანხმებოდეს!
ე.ი. ის ვისაც პატივცემული არქიმანდრიტი მტერს უწოდებს საპატრიარქოსთვისაც მტერია?
ამ საკვანძო კითხვაზე შეიძლება გაიაროს ყველა იმ ძირითადი ისტორიული მოვლენების ანალიზმა, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან წყალგამყოფია ხელისუფლებასთან (მიშა) ურთიერთობაში, ან პირიქით, მათთან გამაერთიანებელია (ქოცები). ოღონდ, მთელ ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ საპატრიარქო საოცარი დემონური ნიჭებით ახერხებს მტრის ხატის კონვერტაციას ვითარებათა ცვლილებების პარალელურად. მაგ. მიშას დროს ეპისკოპოსთა მთელი ლეგიონი დასავლეთზე ლოცულობდა, ხსნას დასავლეთში ხედავდა, მაგრამ 2012 წელს ვითარების შეცვლისთანავე დასავლეთი სატანური და ეშმაკისეული გახდა. თუ 4 ოქტომბერს ვითარება ისევ დიამეტრულად შეიცვლება, ნუ დაიბნევით, საპატრიარქოს ყვარყვარეს დროშა მომზადებული აქვს. მგონი ამ დემონურ ნიჭშია საპატრიარქოს საბჭოთა ისტორიის დღემდე გახანგრძლივების საიდუმლოც.
მაგრამ, ნუთუ ჩვენ ისევ მოვტყუვდებით?
... ჩვენ ბევრი გაკვეთილი ვისწავლეთ საპატრიარქოს მიერ დანერგილი მტრის ორმაგი სახისმეტყველებიდან. უკვე ცხადად გვესმის, რომ საბჭოთა სისტემისთვის დასავლეთი არის მტერი და რუსეთი არის წმინდა! ეს არის უცვლელი და ურყევი რუსული პარადიგმა! ამ საბაზისო იდეაზეა დაფუძნებული სლავური და პან-სლავური ფილოსოფიურ-თეოლოგიური მოძღვრებების ნაკადი მე-19 საუკუნიდან დღემდე, რომლითაც გაჟღენთილია ქართველი იერარქიის 99% რწმენა-წარმოდგენები. ამიტომ, ნებისმიერი მცდელობა ქართული საბჭოთა ეკლესიის სახელით ან მისი ნებისმიერი ადეპტის მონდომებით მტრად დასახო რუსეთი და ხოტბა შეასხა დასავლეთს არის ან გულუბრყვილო შეცდომა ან მიზანმიმართული მამაძაღლობა. მე მჯერა, რომ საპატრიარქო ამ ჯერზეც მამაძაღლობას გვასაღებს “წმინდად“ და იყენებს მავანთა გულუბრყვილობას, იმისათვის, რომ მორიგ ჯერზე გადარჩეს და შემდეგ უფრო გაძლიერებული რუსული ქვესკნელისკენ გააქანოს ქვეყანა.
თუ ოდესმე გვეღირსება ეროვნული ხელისუფლება, მისი მთავარი ამოცანა საპატრიარქოსგან მაქსიმალური დისტანცირება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება უნდა იყოს. იმ მახინჯ სიახლოვეს რომელიც ჩამოყალიბდა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მხოლოდ კანონის უზენაესობისადმი პატივისცემა გამოასწორებს.

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.