რუსული პარადოგმატიზმი საპატრიარქოში: ერთსახოვნების ორი ბუნება თუ ორსახოვნების ერთი ბუნება - ვლადი ნარსია


 

ტვ. ფორმულას წამყვანის ხუმრობა - საპატრიარქოში რუსეთი ერთსახოვანია, მაგრამ ორი ბუნების, ჩემი სტატუსის ინსპირაციად იქცა, და სათაურიც მოვუძებნე - რუსული პარადოგმატიზმი საპატრიარქოში: ერთსახოვნების ორი ბუნება თუ ორსახოვნების ერთი ბუნება (პარანესტორიანიზმი).

ზოგჯერ რთულია გამოღწევა იმ ლაბირინთებიდან საპატრიარქოში რუსეთის ორი ფრთის ერთმანეთთან დაპირისპირების მიზეზებს რომ გვიხსნიან: ილია II და შორენა, თუ შიო მუჯირი და ახალბედები?
შევეცდები ამ საკითხზე რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ:
საქართველოს ეკლესიაში ილია II და შორენა რელიგიური მმართველობის საბჭოთა კლასიკური სტილის წარმომადგენლები არიან. სხვაგვარად შეუძლებელიც იქნებოდა!
გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან სტალინის რელიგიური პოლიტიკა იცვლება. იგი აუქმებს რელიგიაზე შეზღუდვებს და აფართოებს რელიგიის სახელით საბჭოთა პროპაგანდის მანქანას, რასაც შედეგად მოჰყვება რელიგიური კულტების, ინსტიტუტების და სასულიერო პირების თვალშისაცემი ზრდა. 60-იანი წლებიდან რუსეთის ეკლესია ხდება საერთაშორისო რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს, და არაერთი მსგავსი პროფილის საერთაშორისო რელიგიური ინსტიტუციის წევრი. რუსეთის ეკლესია, რომელიც უკვე მთლიანად KGB აგენტურით იყო დაკომპლექტებული, შეუზღუდავად მონაწილეობს დასავლურ რელიგიურ პლატფორმებზე. მათი ძირითადი მიზანი დასავლური ქრისტიანული ორგანიზაციებიდან იერარქიების გადმობირება, KGB სასარგებლოდ ინფორმაციების მოძიება და საერთაშორისო რელიგიურ ფორუმებზე საბჭოთა კავშირის ინტერესების ლობირებაა.
ბეილორის უნივერსიტეტის არქივში მუშაობის დროს აღმოვაჩინე, რომ 50-იანი წლებიდან ზაგორსკის სასულიერო აკადემია-სემინარიამ კარი გაუხსნა დასავლურ რელიგიურ წრეებთან ფართო ურთიერთობებს იმისათვის, რომ შეექმნათ მოჩვენებითი წარმოდგენა რუსეთში რელიგიური თავისუფლების დაცვასა და აღიარებაზე (მანამდე დასავლეთი სტალინს აკრიტიკებდა ანტირელიგიური პოლიტიკის გამო), და ასეთი ვიზიტების დროს (200 ან მეტი ვიზიტი წელიწადში!) ემუშავათ დასავლელი იერარქების და მეცნიერების გადმობირებაზე. მოკლედ, რელიგიების მართვის კლასიკური კგბ-ესეული ტაქტიკა გულისხმობდა დასავლეთისადმი მოჩვენებით გახსნილობას, დასავლური რელიგიური კულტურის მოჩვენებით მიმღეობას, და შესაბამისი ლექსიკის დამუშავებას დასავლეთის საჭიროებასა და სარგებლიანობაზე. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი ემსახურებოდა რუსეთის იმპერიის იდენტობის გაძლიერებას რელიგიური კომპონენტის დახმარებით. იმპერიის მიერ რელიგიის გარყვნამ შედეგად მოიტანა დასავლური კულტურასთან სლავური ეთნო-ნაციონალისტური იდეოლოგიების დაპირისპირება, და საბოლოოდ მკვეთრი გამიჯვნა. ამ ნიადაგზე რუსეთში, როგორც ეკლესიაში ასევე მის გარეთ, აღმოცენდა დასავლეთის წინააღმდეგ რელიგიურ-შიზოფრენიული მოძრაობები. ერთ-ერთი ასეთი მოძრაობაა ცნობილია დუგინიზმის სახელით.
საქართველოს საპატრიარქოში “შიო მუჯირი და ახალბედები“ ამ მოძრაობის იდეური შვილობილები არიან. ისინი ლევან ვასაძის გავლენებით აღმოჩნდნენ ეკლესიის მმართველ რგოლში. ამ ჯგუფის ხედვები გამოირჩევა “პრავო-სლავური“ ექსკლუზივიზმით და კვაზი ეთნო-ნაციონალისტური და მორალისტური ქადაგებებით. თუმცა, ნებისმიერი ამგვარი საკითხის დეტალებში შესვლით აღმოაჩენთ, რომ ამ ჯგუფის იდეები და იდეალები ერთი-ერთში ემთხვევა და იმეორებს რუსეთის ეკლესიის ხედვებს. მათთვის მიუღებელია დასავლეთი, და შესაბამისად ხსნას მხოლოდ რუსეთთან კავშირების გაღრმავებაში ხედავენ.
ე.ი. ერთი მხრივ, ამ უკანასკნელის მიერ რუსეთის მხსნელად დასახვა, და მეორე მხრივ, ზედა უკანასკნელის მიერ, რელიგიის საშუალებით იმპერიის მიზნების მსახურება არის ორსახოვნების ერთი ბუნება , ანუ პარანესტორიანიზმი
😊
ახლა უფრო მთავარი, რატომ უპირისპირდება შორენა შიოს?
1. იმიტომ, რომ შიო სისტემისთვის უცხო სხეულია.
წარმოგიდგენიათ, ათეული წლების მანძილზე ნაწრთობი სისტემა, ადეპტები სახელმწიფოს და ეკლესიის თითქმის ყველა უჯრედში, აწყობილი კომუნიკაციები, დიპლომატებით დაწყებული ჰოლივუდის მსახიობებით დამთავრებული ტოპ-ტიპების სტუმრობები საპატრიარქოში, ვიზიტები უცხოეთში, და კიდევ ვინ იცის რამდენი საიდუმლო და მნიშვნელოვანი რესურსი რუსული სპეცსამსახურებისთვის, და ეს ყველაფერი შეიძლება ერთ დღეს რისკის ქვეშ აღმოჩნდეს, უბრალოდ იმიტომ რომ შიო მას ვერ ჩაენაცვლება.
2. პატრიარქ ილიას შიოს დანიშვნა აიძულეს.
მახსოვს, პატრიარქის განცხადებიდან ზუსტად რამდენიმე წუთში ერთ-ერთმა ტელევიზიამ დამირეკა. მე ვუპასუხე - პატრიარქს გააჩნია უფლება დაასახელოს მოსაყდრე, მაგრამ ეკლესიამ უნდა იცოდეს რა უფლებამოსილებით სარგებლობს მოსაყდრე (ეს უფლებამოსილება პატრიარქმა, ანდაც სინოდმა უნდა განუსაზღვროს პატრიარქის დამოწმებით!). მეორე დღეს შიო მუჯირი გამოვიდა და განაცხადა - საზოგადოება სულ მალე გაიგებს თუ რა უფლებამოსილება გააჩნია მოსაყდრესო. დღემდე არაფერი გაგვიგია! რატომ? იმიტომ, რომ პატრიარქი ერთმმართველობას არავის უნაწილებს - ვითარცა ღმერთი. მისი ნება არ იყო შიოს დასახელება, ამიტომ დღემდე “ოფსაიდში“ ტოვებს. ამის გამო იმსახურებს შიო არაკანონიკური მოსაყდრის სტატუსს!
3. საქართველოში ბოლო ათწლეულების მანძილზე განვითარებული მოვლენები საკმარისად ცხადყოფენ, რომ საზოგადოება ტყუილში, გაორებასა და ორსახოვნებაში უფრო კომფორტულად ცხოვრობს. მას ურჩევნია ამბიონებიდან ისმენდეს სულიერი გაბრწყინების შესახებ რუსი “სტარეცების“ შეთხზულ მოძღვრებებს, მაგრამ ტელევიზიით და ინტერნეტით ევროპელი ლიდერების დაპირებებს ფუფუნებისა და ბედნიერი მომავლის შესახებ. განა ეს ხალხი ილია II აღზრდილი არ არის, განა მამას შეეშლება შვილების ამოცნობა?! “მოწაფე მასწავლებელზე მეტი არ არის, ხოლო ყველა სწავლაგასრულებული, ისეთივე იქნება, როგორც მისი მასწავლებელი.” (ლკ.5.20).
და ბოლოს, არც ოფიციალურ რუსეთში და არც მის სატელიტებში დუგინის ხედვები მეინსტრიმად არ განიხილება, მაგრამ რუსეთის სპეცსამსახურებს საქართველოს ეკლესიაში აწყობდათ შიო-ვასაძის ფლანგის შექმნა. ამ დიქოტომიაში მათ მთლიანად გააქრეს შესაძლებლობა საქართველოს ეკლესიაში ეროვნული ძალის შექმნის.

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.