"ეპოქალური პიროვნება და ნამდვილი მოწამე" - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

 


"ეპოქალური პიროვნება და ნამდვილი მოწამე" 


სულიერი ლიდერის მიერ თავისი პიროვნული კულტის შექმნა არის არა მხოლოდ სოციალური, არამედ ღრმა ფილოსოფიურ-თეოლოგიური დეფორმაცია, სადაც ღმერთზე მიმართული რელიგიური ენერგია თანდათან გადაიტანება ადამიანზე. ეს პროცესი იშვიათად ხდება პირდაპირ. ის უფრო ვითარდება ნელა, ეტაპობრივად და ხშირად თავად გულუბრყვილო მორწმუნეთა თანამონაწილეობით.


ასეთ დროს, პირველიერარქი გვევლინება "სულიერი ჭეშმარიტების" მატარებლის ექსკლუზიურ წყაროდ, სადაც მისი სიტყვა აღიქმება შეუცდომელ დოგმად და შესაბამისად მისი კრიტიკა იგივდება ღალატთან და მკრეხელობასთან, რითაც ცოცხალი კერპი იწყებს საკრალური აურის დაგროვებას.


ამგვარი თვითკმაყოფილი კულტის ჩამოყალიბება ხდება მაშინ, როცა სიმართლეს ანაცვლებს შთაბეჭდილება, ღმერთს - ადამიანური ავტორიტეტი, ხოლო რწმენას კი ლოიალობა. 


კულტის გამყარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს საზოგადოება, რომლის მიერაც იქმნება მორალური წნეხი ერთსულოვნებისკენ, განსხვავებული აზრი ითვლება სულიერ საფრთხედ, მორჩილება ცდება ზომას და იქცევა აბსოლუტურ მონობად. 


ფილოსოფიურად ეს შეესაბამება მასობრივი ცნობიერების იმ ფორმას, რომელსაც ჰანა არენდტი "აზროვნების შეჩერებას" უწოდებდა, როცა ადამიანი ვეღარ განსჯის, არამედ იმეორებს.


შემდგომ ეტაპზე კულტი ხდება სტრუქტურული, ანუ ირგვლივ ყალიბდება ერთგული წრე, ინფორმაცია კონტროლდება, იქმნება ცრუ ლეგენდები და "სასწაულების" ნარატივები. რაც მთავარია პარალელურად კრიტიკოსები მათგან უნდა მარგინალიზდნენ.


ამ პირობებში კი ოპორტუნისტი საჭეთმპყრობელი უკვე აღარ არის მხოლოდ პიროვნება, ის როგორც აბსოლუტი ერთმმართველი, ამგვარი ფორმით გადაიქცევა თავად ინსტიტუციად.


დღეს ხშირად გვესმის, რომ ესა თუ ის იერარქი "ეპოქალური ფიგურაა", "მოწამეა", "ღვთის კაცია", "აღმსარებელია", "წმინდანია" და ა.შ. მაგრამ ჩნდება მარტივი და ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა, თუ რაში მდგომარეობს ამის ნამდვილი საზომი?


არის თუ არა ადამიანი გმირი, თუ ის ცხოვრობს გარეშე მტერთან სერვილისტურ მორჩილებაში, პირად სიმდიდრეში, კომფორტსა და განცხრომაში?


არის თუ არა მოწამე, თუ მას ქრისტეს გულისთვის იძულებითი სიკვდილი არ განუცდია?


არის თუ არა ღვთის კაცი, თუ ღარიბ ქვეყანაში თავად მდიდარია?


არის თუ არა პატრიოტი, თუ იგი ემსახურება ოკუპანტის ინტერესებს?


არის თუ არა წმინდა, როცა იგი უმძიმეს ზნეობრივ ბრალდებაზე, სჯულის კანონით გათვალისწინებულ, საკუთარი თავის აუცილებელ აპოლოგიას არ ეწევა და ბრალმდებელს იქით სჯის უაპელაციოდ? 


არის თუ არა განათლებული, თუ მას არასდროს არცერთი კვლევა, სტატია, კომენტარი თუ წიგნი აკადემიურ დონეზე არ გამოუცია?


არის თუ არა აღმსარებელი, თუ მას ჭეშმარიტი სარწმუნოების გამო ექსორიობა, ან პატიმრობა არ განუცდია?


და ბოლოს, ამ ფონზე, არის თუ არა ჭეშმარიტება ის, რასაც ხალხი ტაშს უკრავს?


ქრისტიანული პასუხი ამ კითხვებზე ძალიან მკაფიოა. ჭეშმარიტი გმირობა არის არა პოპულარობა, ფუფუნება, ძალაუფლება ან გავლენა, არამედ საკუთარი თავის მუდმივი უარყოფა, სიმართლისთვის დევნილად დგომა და ასკეტური ჯვრის ტარება.


"მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე" (მთ. 16,24);


"რას არგებს კაცს, თუ მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?"(მკ. 8,36-37).


ამასთან, მოწამე ნიშნავს დამმოწმებელეს, ანუ იმ ადამიანს, რომელიც ჭეშმარიტებას თავისი სიცოცხლით ადასტურებს. შესაბამისად, ნამდვილი მოწამეობა ყოველთვის დაკავშირებულია ტანჯვასთან, დევნასთან, სიმართლისთვის ბრძოლისას სისხლიან აღსასრულთან და არა განდიდებასა და დაფოფინებულ ყოფაში უზრუნველ მიცვალებასთან.


"ნეტარ არიან დევნილნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა" (მათე 5,10).


ამდენად, მოწამეობა რაღაც სიტყვა-კაზმული ქარიზმატულობა, ელეგანტურობა, ან KГб-ს უნარ-ჩვევებით მომნუსხველობა კი არ არის, არამედ სიცოცხლის ფასად ნათქვამი უდრეკელი ძიებაა ქრისტესათვის სიკვდილისა!


რაც შეეხება საეკლესიო ლიდერობას, ქრისტემ თავად დაგვიტოვა მისი საზომი:


"ვინც თქვენ შორის დიდია, იყოს თქვენი მსახური“ (მათე 23,11);


"ძე კაცისა არ მოვიდა, რომ ემსახურონ, არამედ რათა ემსახუროს" (მარკოზი 10,45).


ნამდვილი მღვდელი, ეპისკოპოსი თუ სულიერი წინამძღოლი არ აგროვებს სიმდიდრეს ღარიბი ხალხის ფონზე, არ ემსახურება პოლიტიკურ ინტერესებს, არ ეძებს დიდებას, არ აყვარებს თავს ყველას საკუთარი ნარცისული ლავირებებით, არამედ ემსახურება სიმართლეს მაცხოვრის, მოციქულების, მოციქულებრივ მამათა, მოწამეთა და აღმსარებელთა დარად პირუთვნელად, ერთმნიშვნელოვნად და პრინციპულად! 


ნამდვილი, ქრისტოცენტრული სულიერი ლიდერი საკუთარ კულტს კი არ აძლევს ადამიანებს და თავის პიროვნებას კი არ აქცევს ფეტიშის ობიექტად, არამედ თაყვანისცემის მიზნად სახავს ჭეშმარიტ ღმერთს, ქმნის მსახურებას უპოვარებაში, ზნეობრივი ადამიანების დაფასებაში, წესიერი სამღვდელოების მომრავლებაში, მრევლის განათლებაში, სიმართლისათვის თავდადებასა და უანგარო  სიყვარულში!


რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითია, ხალხის მხრიდან კოლექტიური აღიარება და ფეტიშისტური სიყვარული, ქრისტიანულ პატროლოგიაში არასდროს არსად არ ყოფილა ჭეშმარიტების საზომი!


ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა, რომ მასები მუდმივად შეცდომებს უშვებენ და სენტიმენტალური, ბრბოსათვის დამახასიათებელი განუსჯელობითა და ხიბლისმიერი ინერციით მოქმედებენ.


ხალხი, თანაც ამაზე ბევრად მეტი, მასშტაბური და გულწრფელი ცრემლებით ტიროდა ტირანების დაკრძალვაზეც (სტალინი, მაო ძედუნი, კიმ ირ სენი, ჰუგო ჩავესი, აიათოლა ჰამენეი) მაგრამ ეს არ აქცევს მათ წმინდანებად! გენერალსიმუსის დედის - კეკეს დაკრძალვასაც მთელი საქართველო ესწრებოდა, ცრემლით, ყვავილების ზღვითა და მწუხარე გოდებით, მაგრამ, მერედა რა?


ხოლო ელეონის მთაზე, არარეიტინგულ ქრისტეს, ამაღლებისას მხოლოდ მცირედი ხალხი, სადღაც 50-დან - 70-მდე ადამიანი ახლდა, მაგრამ ჭეშმარიტება მაინც მასთან იყო!


ჩვენი მრევლი წმინდა წერილს ნაკლებად კითხულობს და ამიტომ მოკრძალებით შევახსენებ მათ სახარების სიტყვებს: "ვაი თქვენ, როცა კარგს იტყვის თქვენზე ყოველი კაცი; ვინაიდან ასე ექცეოდნენ ცრუწინასწარმეტყველთაც მათი მამები" (ლუკა 6,26); "ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას" (მათე 7,14)


ასე რომ, ჭეშმარიტება არასოდეს იზომება რაოდენობით, ტაშით, ენკომიით, პანეგირიკებით, ქებით ან პოპულარობით. იგი იზომება სახარებისეული ჯვრის ცხოვრებაში რეალიზებით, სინდისით, ღვთის წინაშე სიმართლით, ცოდვაზე ამბოხით, პასუხისმგებლობით, და არა ბრბოს წინაშე აზვირთებული პატივით, რომლის ნასახიც თვით მაცხოვარსაც კი არ ღირსებია ამქვეყნად, რომელსაც თავის მისადრეკი ადგილიც კი არ ჰქონდა, არათუ ფეშენებელური რეზიდენციები, სახალხო ავტორიტეტი ან დაფასება.

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.