კითხვები პატრიარქის ანდერძის გარშემო - თეოლოგი ვლადი ნარსია
“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი წმ. სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით ხსნის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებულ ანდერძს და აცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობას.” (დებულება, თავი IV, §6.)
რატომ არ აკეთებს განცხადებას ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი?
რატომ აკეთებს განცხადებას დებულებით უუფლებო და კანონიკურად ძალაუფლების არმქონე დეკანოზი, ანდრია ჯაღმაიძე?
რატომ აკეთებს განცხადებას საეკლესიო საზოგადოებაში სრულიად დისკრედიტირებული, ნულოვანი რეპუტაციის მქონე გიორგი ზვიადაძე? - “მე, როგორც ვიცი, შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არანაირი ანდერძი არ არსებობს და ვერ იარსებებს“. ამ წინადადების ლატენტური აზრი - “მე როგორც ვიცი... რამდენადაც ჩემთვის ცნობილია“ - ადასტურებს, რომ მისი ცოდნა (გონება!) შეზღუდულია. რაც ტოვებს შესაძლებლობას, ვითარების შეცვლის შემთხვევაში, განაცხადოს, რომ მან იმ მომენტში ის არ იცოდა, რაც ახალი გარემოებებით გახდა ცნობილი. ასეთი ორპირობა მისი სტილია!
მოკლედ მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას, თუ როგორ უნდა წარმართულიყო ეს პროცესი.
რადგან ეს, ე.წ. ანდერძი საქართველოს ეკლესიაში ისეთი მნიშვნელობის გახდა, რომ მას 1995 წლის დებულების მიხედვით პრინციპული მნიშვნელობა მიენიჭა, ამიტომ პასუხისმგებლიანი საეკლესიო ადმინისტრაცია, ე.ი. წმ სინოდი ვალდებული იყო რამდენიმე თვით ადრე, გნებავთ წლით, შეექმნა სპეციალური კომისია, სულ მცირე სინოდის 10 წევრისაგან, სადაც უხუცესი მღვდელმთავრის პასუხისმგებლობად განისაზღვრებოდა: 1. დაარქივებული ანდერძის უსაფრთხოების დაცვა; 2. ანდერძის გაცნობა, გარდაცვალებიდან 1 საათის განმავლობაში; 3. ანდერძის საჯაროდ გაცნობა კომისიის სრული შემადგენლობის თანხმობით.
რა სურათს შლის ასეთი სცენარის არარსებობა? - უპირველესად, იგი მიგვითითებს პატრიარქსა და სინოდს შორის არასაკმარის ნდობაზე. ცხადია, ანდერძი არ იქნებოდა ერთწინადადებიანი, მაგ. „მე ჩემს მოსაყდრედ ვტოვებ...“, არამედ ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ანდერძში, მოკლედ მაგრამ მაინც, სხვა არსებით საკითხზეც იქნებოდა გამახვილებული ყურადღება. პატრიარქმა კარგად იცოდა როგორ მუშაობდა “გარე სისტემები“ საპატრიარქოს შიგნით, და უფრო კარგად კი, იცნობდა მის მიერ შექმნილი სინოდის წევრებს, მათ შინაგან რწმენას ურთიერთპატივისცემის და წინააღმდეგობრივი საკითხების დროს ერთიანი პრინციპით მოქმედების შესახებ. ამიტომ, შესაძლოა „კრებსებიდან“ გამოჟონილი ინფორმაცია, რომ თითქოს პატრიარქი მის დასთან მალავდა ანდერძს, არ იყოს საფუძველმოკლებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ - ილია II არ ენდობოდა წმ. სინოდს, იმიტომ რომ წმ. სინოდი არ იყო გარე გავლენებისგან თავისუფალი. ილია II, როგორც საბჭოთა მსახვრალი სისტემის მრავალგზის მსხვერპლი, კარგად იცნობდა KGB ბოროტების მანქანის მუშაობის წესებს ეკლესიაში და შეეცადა ეს დარტყმები აერიდებინა სინოდისთვის.
ეს ყოველივე ერთმნიშვნელოვნად მიგვანიშნებს, რომ - ჯერ კიდევ შორია იერუსალიმამდე. ჭეშმარიტ ქრისტიანულ მესაჭეობამდე ჯერ კიდევ შორია!

Comments
Post a Comment