ცრუ ქრისტიანობის მხილება - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი
საგულისხმოა რომ იესო ქრისტეს ისტორია იწყება ჩუმი და უხმაურო განკაცებით, ანუ საზოგადოებრივი დუმილით და არა ტრიუმფით, არა აპლოდისმენტებით, არამედ უკიდურესი მოკრძალებით, რაც მომცრო ბოსელში შობით გამოიხატა, სადაც უამინდობისას მწყემსები საქონელს ერეკებოდნენ.
იგი არ შემოსულა სამყაროში, როგორც ძალაუფლების დემონსტრატორი. არც საკუთარი ღვთიურობის თეატრალიზება არ მოუხდენია. პირიქით, მოვიდა როგორც კრავის სიჩუმე, როგორც დაუცველობა, როგორც ბავშვის უყვედრელი ტირილი ბაგაში. სწორედ ეს არის პარადოქსიც, რომელიც ქართველთა გაწარმართებულ, პაგანისტურ და კერპთაყვანისმცემლურ გონებას დღემდე აშფოთებს: ღმერთი, რომელიც არ ცდილობს შთაბეჭდილების მოხდენას.
ქრისტეს არსებობა ერთი შეხედვით "არაესთეტიკურია" ამქვეყნიური კრიტერიუმებით. მას არ ჰქონდა პოლიტიკური ძალა, სოციალური კაპიტალი, სახალხო აღიარება, ქონება, სახლი, სადაც თავს შეაფარებდა. მისი სიტყვებიც კი ხშირად არ იყო მორგებული მასების გემოვნებაზე. ამასთან, ის არ ელოლიავებოდა ადამიანთა ეგოს, არამედ ამხელდა: ცოდვას, არღვევდა თვითკმაყოფილ ილუზიებს, საზოგადოებაში ლიბრად ჩამოწოლილ რელიგიურ ხიბლს, ბრმა რიტუალიზმს და ანგრევდა ყალბ სიწმინდეს, რის გამოც კოლოსალურ უმცირესობაში იყო მოზღვავებულ მასასთან და იმდროინდელ ავტორიტეტებთან.
იგი გაურბოდა პატივს. როცა ხალხს სურდა მისი გამეფება, ის განეშორებოდა განდიდების ადგილს. როცა შეეძლო ძალის დემონსტრირება, ირჩევდა დუმილს. როცა ძალუძდა დაემარცხებინა მტრები, ადიოდა ჯვარზე. ამგვარი პოზიციონირება იყო არა სისუსტე, არამედ ძალის უმაღლესი ფორმა, რომელიც არ საჭიროებს დამტკიცებას.
არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მისი მოწაფეებიც არ იყვნენ ელიტისა თუ ბომობდის წარმომადგენლები. პროფესიითა თუ ცხოვრების წესით ისინი მეთევზეები, მებაჟეები და სრულიად უბრალო ადამიანები იყვნენ, ანუ, ვისაც საზოგადოება დიდ მნიშვნელობას არასდროს არ ანიჭებდა.
ამდენად, ქრისტემ არ ააშენა საკუთარი მოძრაობა პრესტიჟსა თუ ავტორიტეტზე, არც მთავრობებთან თანამშრომლობაზე, არამედ მარტომყოფ სიმართლეზე. არ ეძებდა გავლენიან წრეებს, არამედ გულებს, რომლებიც მზად იყვნენ ჭეშმარიტებისთვის.
ბოლოს, როგორი იყო მისი სიკვდილი. ეს იყო ჯვარცმა, როგორც უკიდურესი დამცირება. დაკრძალვა თითქმის უხმაურო, მცირეთა (მხოლოდ ექვსი ადამიანი) თანდასწრებით. ანუ ირგვლივ შერჩა მარტოოდენ რამდენიმე ერთგული ადამიანი, სევდიანი სიჩუმე და გიგანტური ქვა, რომელიც სამარხს ფარავს.
და სწორედ ამ სიჩუმეში იწყება ის, რასაც სამყარო ვერ ხედავს. დიახ, ქრისტიანობა იწყება არასოციუმის ენკომიითა და სახალხო ბენეფისით, არამედ დამცირებით; არა მასობრივი აღიარებითა და ზომბირებული ქება-დიდებით, არამედ ერთგულების მცირე წრითა და სიღარიბით.
ამიტომაც არის, რომ ადამიანი, რომელიც მოხიბლულია ძალაუფლებით, ბრწყინვალებით, სტატუსითა და საზოგადოებრივი აღიარებით, ბუნებრივად შორდება ქრისტეს არსს და ხდება გაშმაგებული ბრბოს ნაწილი. მას ურჩევნია ის რელიგიური ფიგურა, რომელიც დიდებულია, აღიარებულია, გავლენიანია, რომელსაც ტაშს უკრავენ და რომელსაც ემორჩილებიან. ასეთი ფიგურა უფრო გასაგებია ადამიანური ბუნებისთვის, რადგან ბელადის ჩრდილში დგომა იოლია, როცა პასუხისმგებლობის განცდა არ გაქვს და აზროვნება გეზარება.
მაგრამ ქრისტე სხვა რამეს გვთავაზობს. ის გვიზიარებს გზას, სადაც დიდება არ არის მიზანი, სადაც სიმართლე ხშირად მარტოობაში იდგამს ფესვებს და სადაც ღმერთის თვალში ფასეულია არა ის, რაც ჩანს, არამედ ის, რაც არის.
ამიტომაც, ვინც ეძებს ბრბოს აღიარებას, ვერ შეიცნობს მას, ვინც ჯვარზე მარტო დარჩა.
ვინც ეძებს დიდებას, ვერ გაუგებს იმას, ვინც დიდებას გაექცა.
ვინც არჩევს ტრიუმფს, ვერ დაინახავს ჭეშმარიტებას, რომელიც დამცირებაში იმალება.
ქრისტე არ არის ფენომენი, რომლითაც უნდა მოიხიბლო, არამედ ის არის ჭეშმარიტება, რომელიც უნდა გაბედო! მისკენ სავალი არის ვიწრო და ეკლიანი ბილიკი და არა ვარდებით მოფენილი ფართო კარიბჭე. და თუ მის გზას აირჩევ, შენზე აღსრულდება მისი სიტყვებით გაჟღერებული მართალთა გარდაუვალი ხვედრი: "უკეთუ მე მდევნესს, თქვენცა გდევდნენ", "იყვნეთ თქვენ მოძულებულ სახელისა ჩემისათვის", "თქვენ არაამსოფლისაგანნი ხართ", "ჩემი მეუფება ზეცაშია", "ჭირი გექნებათ წუთისოფელში" ‐ ეს და კიდევ სხვა მრავალი ფრაზა უფლისაგან წარმოთქმული გვაძლევს საზომსა და ინტუიტურ პროგნოზსს, თუ რა ელის ჭეშმარიტებით მცხოვრებ ადამიანს და იქვე გვაფრთხილებს: "ვაი თქვენ, როცა კარგს იტყვის თქვენზე ყოველი კაცი; ვინაიდან ასე ექცეოდნენ ცრუწინასწარმეტყველთაც მათი მამები" (ლკ. 6,26) .

Comments
Post a Comment