
"რელიგია არის ის ერთადერთი ფენომენი სადაც გარდაცვლილ ადამიანს უფრო მეტი ძალა აქვს ვიდრე მას სიცოცხლეში ჰქონდა. ამ გაგებით, ილია II კი არ წასულა საეკლესიო ცხოვრებიდან, არამედ, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ახლა შემოდის მისტიურ საეკლესიო სივრცეში მთელის სისავსით.
რა გამოწვევების წინაშე აყენებს ეს ეკლესიას?
ეკლესიის ისტორიაში ბევრი ავტორიტეტული ფიგურა სწორედ გარდაცვალების შემდეგ მოექცა ჩრდილში, რადგან ზოგიერთმა მიმდევარმა მისი სწავლების დამახინჯებით გავრცელება დაიწყო. ცხადია, მსგავსი ისტორიები ეკლესიის გარეთაც მრავლად არის, თუმცა სეკულარულ გარემოში სამეცნიერო კვლევითი მეთოდოლოგიების დახვეწამ შესაძლებელი გახადა დიდი იდეებისა თუ მოძღვრებების კრიტიკული ანალიზი, რამაც საბოლოოდ გადაარჩინა ისინი დამახინჯებას - ავტორიტეტის შელახვას. რელიგია კი არ სცნობს, და ვერ ეგუება, სამეცნიერო მეთოდოლოგიურ ჩარჩოებს. მითუფრო ჩვენს შემთხვევაში, დიდია ალბათობა არაკეთილსინდისიერი მანიპულაციებისა, როგორიცაა სიზმრები, გამოცხადებები, ზმანებები და მსგავსი. ასეთი რელიგიური ეიფორია გარდაუვალად საზიანო აღმოჩნდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, და მითუფრო ეკლესიის წმინდა ტრადიციისთვის, რომელიც ყოველთვის ფრთხილი და წინდახედული მსჯელობებით ხელმძღვანელობდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ამ ტიპის საფრთხების პირველადი ნიშნები უკვე გამოჩნდა. 9+ საყვარელ გამოვლილი ეპისკოპოსი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი საეკლესიო ტრადიციის სრული უარყოფით გვთავაზობს ილია II წმინდანად კანონიზაციის დაჩქარებულ პროცედურებს. სამწუხაროდ, ის “უთვალავი მრევლი“, რომელიც სამების ეკლესიის ირგვლივ არის შეკრებილი არ და ვერ დასვამს შეკითხვას - არის კი ეპისკოპოსის ეს ინიციატივა ეკლესიის წმინდა ტრადიცია? არადა, სწორედ ეს დეფიციტი შეიძლება გახდეს ბიძგის მიმცემი მცდარი გადაწყვეტილების მიღებისა, თითქოს იმ არგუმენტით რომ სიმრავლე = ჭეშმარიტებას. (სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში სიმრავლე = დეფიციტს!)
ასეთმა აჩქარებამ შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს თავად პატრიარქის სახელს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ღია ინფორმაციული ნაკადების ეპოქაში, სადაც ნებისმიერი იდეა ახდენს კონტრ იდეის გამოწვევას, არგუმენტირებას და ხშირად არასასურველ პოლემიკას. ამ მუხტის მოგერიება რთული გახდება ახალი საეკლესიო ადმინისტრაციისთვის, რომელიც ისედაც მყიფე და არასტაბილურ გარემოში ყალიბდება ძველი პატრიარქის უზენაესი ხატის ქვეშ.
ჩვენ გვჭირდება ახალ შუქზე მავალი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ამ შუქმა უნდა დაგვანახოს ეკლესიის წმინდა ტრადიციებისაკენ მკვეთრი შემობრუნება, საეკლესიო წესებისა და კანონების მიმართ პატივისცემის გაძლიერება - ეს არის იესო ქრისტეს ეკლესია!"
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტთან საუბრისას ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა შემდეგი განცხადება გააკეთა: არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს - მაღალი იერარქის მოსაზრებით არსებობს ყველა ნიშანი იმისთვის, რომ ილია მეორე ერთ დღეს წმინდანად შეირაცხოს.
Comments
Post a Comment