“ის ვინც ყველას განაგებს, ყველას მიერ უნდა იქნეს არჩეული." - თეოლოგი ვლადი ნარსია
ადრეულ ეკლესიებში ეპისკოპოსის არჩევა ეფუძნებოდა სამღვდელოებისა და მრევლის ფართო მონაწილეობის პრინციპს. როგორც ეკლესიის სისავსის გამომხატველი, ერი და იერარქია, ერთობლივად ქმნის ეპისკოპოსის (პატრიარქი იერარქიული ხარისხით ეპისკოპოსია) ღვთიური ავტორიტეტის ლეგიტიმაციის წყაროს. ყველაზე ადრეული და ავტორიტეტული ტექსტი “სამოციქულო გადმოცემა“ ადგენს: “ეპისკოპოსი ხელდასხმულ უნდა იქნეს მას შემდეგ, რაც მას ხალხის სისავსე აირჩევს” (წმ. იპოლიტე რომაელი). ეკლესიის კიდევ ერთი წმინდა მამა კვიპრიანე კართაგენელი მის 67-ე ეპისტოლეში ამბობს: “მივყვებით ღვთაებრივ მოწმობას, რომლის მიხედვით ეპისკოპოსები ირჩევიან ხალხის მიერ და ყველასაგან”. წმ. კვიპრიანეს ამ განმარტებაში ეპისკოპოსის გამორჩევში ერის მონაწილეობა ღვთაებრივ ავტორიტეტთან არის გათანაბრებული. კიდევ ერთი ფუნდამენტური კანონიკური ძეგლი “მოციქულთა განწესებანი” ადგენს: “ეპისკოპოსი უნდა ეკურთხოს კლირის (დაბალი რანგის სასულიერო დასი) გამორჩევითა და ხალხის თანხმობის შემდეგ”. მოკლედ რომ ვთქვათ, ეკლესიის ამ მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა პრინციპი: “ის ვინც ყველას განაგებს, ყველას მიერ უნდა იქნეს არჩეული."
რა შეიცვალა მოგვიანებით?
დაახლოებით V საუკუნიდან, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქრისტიანოში, კლირისა და ერისკაცთა მონაწილეობა ეპისკოპოსის არჩევის პროცესში შეიზღუდა. აღნიშნული ცვლილება განპირობებული იყო ეკლესიის შიდა საქმეებში სახელმწიფოსა და საერო ხელისუფლების ჩარევის აღკვეთის სურვილით. იმ პერიოდის საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ ფეოდალურ კლასს მძლავრი გავლენა ჰქონდა დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებზე, რომლებიც, ამავდროულად, ეკლესიის სრულუფლებიან წევრებს წარმოადგენდნენ. საერო მმართველები და ფეოდალური ელიტა ხშირად მანიპულირებდნენ საკუთარი ძალაუფლებით და ხალხზე გავლენით, რათა საეპისკოპოსო კათედრებზე მათთვის სასურველი კანდიდატები დაემტკიცებინათ. ამან საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ საეპისკოპოსო კანდიდატის არჩევის უფლება ჩამოერთვა კლიროსსა და მრევლის წევრებს და იგი მხოლოდ ეპისკოპოსთა კრებულის პრეროგატივად იქცა. ეს ტრადიცია თანდათან განმტკიცდა დასავლურ ქრისტიანულ (კათოლიკურ) სამყაროში, პაპების დეკრეტებით და ლატერანის მეორე კრებამ ის კანონად აქცია.
მართლმადიდებლურ სამყაროს ეს წესი მსგავსი სიმკაცრით არ შემოუღია. მაგალითად, ალექსანდრიის ეკლესია დღემდე მისდევს ძველ წესს - არჩევნებში ეკლესიის სისავსის ფართო მონაწილეობით. უმეტეს მართლმადიდებელ ეკლესიებში კი, სხვადასხვა ვარიაციებით, არჩევნებში კლიროსთა და ერისკაცთა მონაწილება დაშვებულია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას სინოდი იღებს.
ამ პოსტის მიზანი არ არის ყალბი მოლოდინის შექმნა, რომ სინოდი შეძლებს ამ მოკლე ხანში ცვლილების შეტანას პატრიარქის არჩევის წესში (თუმცა, 1917 დებულებაში ძველი წესია დაცული!), მაგრამ იქნებ ეს ინიციატივა ბიძგის მიმცემი გახდეს სამსჯელოდ, რადგან ეს დებულების პრინციპით ნაკარნახევი ინიციატივაა:
"საქართველოს ეკლესია თავის მოღვაწეობას ახორციელებს შემდეგ საფუძვლებზე:
1 . წმიდა წერილი და საღმრთო გადმოცემა;
2. წმიდათა მოციქულთა, წმიდათა მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა და წმიდათა მამათა კანონები და წესდებები." (თავი I. §5).

Comments
Post a Comment