დეკანოზი გიორგი მამალაძის განცხადება
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამოყენება ფსევდო ანალიტიკოსებისა და ხელმოცარული ოდიოზური პოლიტიკოსების მიერ, რომელნიც ერთისმხრივ სხვას მოუწოდებენ ეკლესიის შიდა საქმეებში არ ჩარევისკენ, ხოლო მეორეს მხრივ საეკლესიო საკითხებს ვიწრო პოლიტიკური პოპულიზმისა და საზოგადოებრივი განწყობების მანიპულირებისთვის იყენებენ რბილად რომ ვთქვათ ამაზრზენია.
პოლიტიკურმა თუ ანალიტიკურმა ინტერპრეტაციებმა, აუცილებელი გახადა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პრინციპული და ცალსახა პოზიცია:
ნებისმიერი განცხადება, რომელიც ჩემს ტყვეობასა და ჩემს წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო საქმეს პოლიტიკური ვაჭრობის თუ „შეთქმულების“ კონტექსტში განიხილავს, ემსახურება მხოლოდ ავტორების პოლიტიკურ გადარჩენას და არა სიმართლეს. სრულიად მიუღებელია მორწმუნე საზოგადოების გრძნობებზე თამაში საკუთარი რეიტინგის ამაღლების გამოსაყენებლად, მით უმეტეს მაშინ, როცა სახარებისეული სწავლებისგან გაუცხოებული საზოგადოების ნაწილი გლოვობს.პირველ რიგში, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა და არც ახლა არის პოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტად ყოფნა. ნებისმიერი მცდელობა, ჩემი საქმე გამოყენებულ იქნას ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის ვიწრო ინტერესებისთვის ან საზოგადოებრივი განწყობებით მანიპულირებისთვის, ჩემთვის მიუღებელია და მხოლოდ სიმართლის დადგენის პროცესს აზიანებს. მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ჩემი უფლებების დარღვევა, (სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა-კონვეც. VI მუხ.) , ნებისმიერი განცხადება „ბრალეულობაზე“, რომელიც არ ეყრდნობა უტყუარ მტკიცებულებებს, არის ცილისწამება და ისედაც დარღვეული უდანაშაულობის პრეზუმფციის განმეორებითი დარღვევა. ამიტომ ერთადერთ გამოსავლად საეკლესიო სასამართლო მიმაჩნია. როგორც ტყვეობაში ყოფნისას, ისე გათავისუფლების შემდეგ, არაერთი ოფიციალური მიმართვით დაჟინებით ვითხოვ —2017 წლის 11 ოქტომბრის სინოდალური განჩინების აღსრულებას და საეკლესიო საამართლო პროცედურების ჩანიშვნას. ეს არის ერთადერთი გზა, რათა კანონიკური სამართლის ფარგლებში, საჯაროდ და გამჭვირვალედ გაირკვეს სიმართლე, დასრულდეს ინტრიგები და საზოგადოებას მიეწოდოს რეალური ინფორმაცია და არა ვარაუდები.თუმცა საქართველოს საპატრიარქო დღემდე გაურბის 2017 წლის 11 ოქტომბრის სინოდალური განჩინების აღსრულებას და საეკლესიო სასამართლო პროცედურების დაწყებას. სამწუხაროა ეკლესია გაურბოდეს სიმართლეს და სამართლიანობას და ყოველივეს მალავდეს ინტრიგებს მიღმა.
მინდა მოვუწოდო ყველას — თავი შეიკავონ ჩემი საქმის საკუთარი დღის წესრიგისთვის გამოყენებისგან,(მათ ნაწილს ჰქონდათ შესაძლებლობა სასამართლო სხდომებზე საკუთარი "სიზმრების" ნაცვლად ესაუბრათ ღირებულ ფაქტებზე თუმცა ფაქტი რომელიც არ არსებობდა მასზე ვერც ვერავინ ისაუბრებდა, ) დაუსაბუთებელი ბრალდებები, რომელზეც მტკიცებულებები თავად ბრალდების მხარესაც არ გააჩნია, მხოლოდ ამძიმებს ისედაც რთულ მორალურ და სამართლებრივ ფონს, ხოლო თუ რეალურად გსურთ სიმართლისა და სამართლიანობის ზეიმი და არა ვარაუდებზე მკითხაობა ჩემთან ერთად მოითხოვეთ მოთხოვნილი კანონიკური ნორმების ამოქმედება.
აუცილებლად მიმაჩნია შევეხო მეუფე პეტრეს მიმართ გაჟღერებულ ცილისწამებასაც, მისი პოზიცია და მისი ბრძოლა ჩემი უფლებების დასაცავად არ ყოფილა პირადი ახირება. ეს იყო „განურისხებელი ღმერთის განრისხებული ხმა“,მიმართული ეკლესიის წიაღში არსებული მანკიერებებისა და ბოროტების წინააღმდეგ, რამაც ჩემი უკანონო პატიმრობა და ეკლესიაში არსებული კრიზისი განაპირობა. მისი დასჯა იყო სიმართლისა და სამართლიანობის უგულებელყოფა.
წლებისა და მძიმე ტყვეობის შემდეგ, უფლის შეწევნით მოხერხდა ურთულესი ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარება. მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან ფიზიკური აღდგენა ჩემთვის მხოლოდ ჯანმრთელობის დაბრუნება არ არის — ეს არის ღვთისგან მოცემული ახალი ძალა და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რათა ბოლომდე გავაგრძელო ბრძოლა სიმართლისთვის.ჩემი ბრძოლა არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა ღირსების,სიმართლისა და სამართლიანობის აღდგენისთვის, სამართლიანობა და სიმართლე კი არ საჭიროებს პოლიტიკურ შეფუთვას — მას სჭირდება ღიაობა და სამართლიანი პროცესი, რასაც დღემდე ამაოდ ვითხოვ,თუმცა მწამს და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიაში საბოლოოდ დადგება სიმართლისა და სამართლიანობის ჟამი, სადაც ფარისევლობასა და სიცრუეს ადგილი აღარ ექნება,სადაც მთ.ეპოსკოპოს იაკობის მსგავს ფიგურებს არ ექნებად წმ. მღვდლობის შებილწვის უფლება, სადაც ეკლესია მუდმივად მოახდენს შინა თუ გარე აქტორიების მიერ ეკლესიის ღირსების პრევენციას.
პატივისცემით,
დეკანოზი გიორგი მამალაძე

Comments
Post a Comment